საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ქართული გულისა და სულის მატარებელი - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ჩინელი ბიზნესმენი, რომელიც ქრისტიანად მოინათლა, ქართული სახელი და გვარი მიიღო და ამბობს, რომ ახლა უბრალოდ გურული სანდრო ბერიძეა.
წარმატებული ბიზნესმენი მთელ საკუთარ ენერგიას ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას უთმობს და აცხადებს, რომ მისი გეგმები შორსმიმავალია. დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს და სწორი მუშაობით მსოფლიო და ჩინურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი გახდება.
“ბიზნესპრესნიუსი“ სანდრო ბერიძეს ჩინეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
საქართველოსთან რა გაკავშირებთ, როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია?
ქართველებთან ურთიერთობა 15 წლის წინ დავიწყე, სწორედ ქართველი მეგობრების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ ლოჯისტიკური კომპანია “სუოლუნი” ჩინეთის ქალაქ ივუს ცენტრში. ივუ შანხაის მახლობლად მდებარე ქალაქია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. დღესდღეობით კომპანია საქართველოში 1000-მდე კონტეინერს აგზავნის წელიწადში და თავს იწონებს მეგობრების სიმრავლით.ორი წლის წინ ქართული ღვინის ბიზნესი დავიწყე. პირველი ქართული ღვინის სახლი ჩინეთში 2015 წელის ზაფხულში გაიხსნა. მალე ქართული ღვინო ჩინეთში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერთი სახლი აღარ იყო საკმარისი. ქართული ღვინის ფილიალები ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ელვის სისწრაფით იხსნებოდა.
დღესდღეობით მთლიანობაში ქართული ღვინის უკვე 25 სახლია გახსნილი. ყოველი გახსნის ცერემონიას ჩინეთის კინოინდუსტრიის ცნობილი სახეები და მთავრობის წამომადგენლები ესწრებიან. წელიწადნახევრაში კომპანიამ საქართველოდან 35 კონტეინერი ღვინის ექსპორტი მოახდინა. ამ ეტაპზე სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ჩინეთში უკვე ქართული ღვინის 50-მდე სახლი იფუნქციონირებს.
თუმცა, კომპანიის მთავარი საქმიანობა არ არის ბიზნესი. 2015 წელს იმჟამინდელ პრემიერ მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ოფიციალურ შეხვედრაზე გადმომეცა სერტიფიკატი, იმის დასამოწმებლად, რომ დავინიშნე საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალურ წარმომადგენლად ჩინეთში. დღესდღეობით მე დაუღალავად ვმუშაობ საქართველოს წარმატებისთვის, რომ საქართველოს ისტორია და კულტურა მთელ ჩინეთს გავაცნო. ამა წლის 20 სექტემბერს მაღალი კლასის სასტუმრო „შანგრილას“ პირველ სართულზე გავხსენით პირველი ქართული ღვინის და კულტურის მუზეუმი, სადაც ასევე ფუნქციონირებს ქართული ტრადიციული რესტორანი.
რატომ დაინტერესდით ასე ძალიან საქართველოთი და რატომ გადაწყვიტეთ ქართული სახელისა და გვარის ტარება? რა მოგწონთ საქართველოსა და ქართველებში?
საქართველოში მომწონს სწორედ ქართველი ხალხი, რომელიც ხასიათით ძალიან გავს ჩემი მშობლიური მხარის მოსახლეობას. მე ვარ ერთ-ერთი ეროვნული უმცირესობის შიბოს წარმომადგენელი, ქართველი ხალხის ხასიათი ძალიან გავს ჩვენი ხალხისას და ჩემთვის ქართველები და საქართველო მეორე სამშობლო გახდა. ასევე ძალიან მომწონს ქართული კულტურა, ისტორია, ტრადიციები, ულამაზესი ქვეყანაა. უკვე 15 წელია ვიცნობ და ყოველთვის უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი ქართველებისგან, განსაკუთრებით მომწონს ქართული სტუმარ-მასპინძლობა.
საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, ამიტომ გადავწყვიტე ნამდვილი ქართველი გავმხდარიყავი. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა გურიიდან ქრისტიანად მომნათლა და ქართული სახელი სანდრო დამარქვა. დღეს სიამაყით ვაცხადებ: მე ვარ სანდრო ბერიძე გურიიდან, ნამდვილი ქართველი!
რას ფიქრობთ ქართულ ღვინოზე და რამ გამოიწვია თქვენი განსაკუთრებული ინტერესი მის მიმართ?
ქართულ ღვინოს პირველად 2015 წელს გავეცანი. სწორედ ამ წელს დაიწყო კრიზისი და ჩვენ ლოჯისტიკურ კომპანიას შედარებით რთული პერიოდი დაუდგა. ამიტომ გადავწყვიტე ახალი ბიზნესი მეცადა. მეგობარმა მირჩია ქართული ღვინო და მითხრა, რომ ჩინეთში დიდი მომავალი ექნებოდა. მეც გადავწყვიტე მეცადა და ქართულ ღვინოზე ყველანაირი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა დავიწყე. განსაკუთრებით დამაინტერესა სამმა რამემ: საქართველო ღვინის სამშობლოა, 8 ათას წლოვანი ღვინის კულტურაა და მსოფლიოში ყველაზე ძველი ქვევრი აქვს.ამ სამმა ინფორმაციამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამდენი წელი ვიცნობდი ქართველებს და ასეთი საოცარი ისტორიის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაშინვე დავიწყე ღვინის დეგუსტაცია, სწავლა. ძალიან მომეწონა ქინძმარაული და ხვანჭკარა. აქამდე არც ვიცოდი, რომ ნახევრადტკბილი ღვინოები არსებობდა. მივხვდი, რომ ჩინეთში მსგავსი ღვინო დიდი პოპულარობით ისარგებლებდა, რადგან ჩვენს სამზარეულოს კარგად ერწყმის.
როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს საერთაშორისო და კერძოდ, ჩინეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად?
საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. როგორც მოგახსენეთ, ქართულ ღვინოს გააჩნია უდიდესი ისტორია და კულტურა, თვითონ ღვინო გვაქვს საკმაოდ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის. ზუსტად ვერ ვიტყვი რა დრო დასჭირდება, მაგრამ თუ ერთიანი ძალებით ვიმოქმედებთ, ქართულ ღვინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ექნება. განსაკუთრებით ჩინეთში, რადგან აქ დიდი პოპულარობით სარგებლობს ნახევრად მშრალი და ტკბილი ღვინოები.როგორია თქვენი სამომავლო გეგები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით?
ჩემი დიდი სურვილია ქართული ღვინო ჩინეთში კიდევ უფრო ცნობილი და პოპულარული გავხადო. როგორც მოგეხსენებათ, ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ ბიზნესი. მე, როგორც საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, ჩემს მოვალეობად ვთვლი ვემსახურო ქართული კულტურის პოპულარიზაციას ჩინეთში. ჩემი გეგმაა უახლოეს მომავალში ჩინეთში ქართული ღვინის 100 სახლი ფუნქციონირებდეს და ამის განსახორციელებლად დაუღალავად ვმუშაობ.ეს საქმე საქართველომ და ქართველებმა მომცეს, ამიტომ მთელი გულით მინდა მათ ეს სიკეთე ასმაგად დავუბრუნო. მე ყოველთვის ვიმუშავებ ახალ პროექტებზე ქართული კულტურისა და ღვინის სასარგებლოდ.