როგორ ამოვიცნოთ პირამიდული სქემები  (+ვიდეო)

საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, დღეს, სასტუმრო „რუმსში“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურები წარუდგინა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, ფინანსური რისკები და მათგან თავის დაცვა, დაზოგვა და ფულის გონივრული მართვა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტული სასწავლო საკითხებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო მასალა საზოგადოებისთვის საინტერესო, მარტივი ტექსტითა და ანიმაციითაა აგებული და მისი მიზანია გააფრთხილოს მომხმარებლები გამოიჩინონ სიფრთხილე საკუთარი თანხების დაბანდებისას და გაითვალისწინონ ის ფინანსური და სამართლებრივი რისკები, რომლებიც მაღალრისკიანი კომპანიებისთვის დანაზოგების მინდობას უკავშირდება.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გონივრული დაზოგვის, თაღლითური სქემების, ფინანსური რისკებისა და საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ამ გზით მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვა დაისახა. შესაბამისად, ვგეგმავთ საზოგადოებაში დაზოგვის მნიშვნელობისა და დაზოგვის უსაფრთხო ფორმების შესახებ დისკუსიის ხელშეწყობას. ჩვენ გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ამ გზით დავეხმარებით მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფინანსური პირამიდების შესახებ შექმნილი ვიდეორგოლი, რომელსაც დღეს პირველად წარმოგიდგენთ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

პრეზენტაციას ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.