"თიბისი ბანკი" : ფულადი გადარიცხვებისას, ყირიმმა რუსეთის შაბლონში "იუნისტრიმის" გადაწყვეტილებით გადაინაცვლა

ფულადი გადარიცხვების დროს, ყირიმმა უკრაინიდან რუსეთის შაბლონში კომპანია "იუნისტრიმის" გადაწყვეტილებით გადაინაცვლა.

"თიბისი ბანკში" ასე გამოეხმაურნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ყირიმში ფულადი გადარიცხვებისას სისტემაში რუსეთის მითითება ხდება. როგორც ბანკში განმარტეს, "იუნისტრიმი" არის რუსული კომპანია და სწორედ მან გააკეთა ასეთი შაბლონი.

როგორც "თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, ამის გამო, ეროვნულმა ბანკმა სთხოვა კერძო ბანკებს, რომ ყირიმში "იუნისტრიმის" საშუალებით ფულადი გადაგზავნები შეაჩერონ.

"თიბისი ბანკში" ამბობენ, რომ "იუნისტრიმი" არ არის ფულადი გზავნილების ერთადერთი კომპანია, არსებობს სხვა კომპანიებიც, რომელთა მეშვეობითაც, ჩვეულებრივად გაგრძელდება გადარიცხვები.

აღნიშნულ თემას დღეს საქართველოს საგარეო უწყებაშიც გამოეხმაურნენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოდან ყირიმში ფულადი გზავნილების დროს, სისტემაში რუსეთის მითითება თუ მართლა ხდება, ბანკებმა კორექტივები უნდა შეიტანონ.