თუშეთის მიმართულებით ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია.
უამინდობის გამო ტურისტები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათ შორის ერთს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. თუშეთის სასწრაფო დახმარების ექიმის, ირაკლი ხვედაგურიძის განმარტებით, ტურისტს შიდა სისხლდენა აღენიშნება, მას დახმარება ადგილზე გაეწია და შესაბამისი ორგანოები უკვე საქმის კურსში არიან ჩაყენებული. გამოძახებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, რომელიც სავარაუდოდ გზის გაწმენდამდე ვერ შეძლებს თუშეთის მიმართულებით გადაადგილებას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თუშეთის გამგებელმა, ლადო კახოიძე განუცხადა, ღამით ნალექმა იმატა, რის გამოც რამდენიმე ადგილზე ზვავი ჩამოწვა, რაც აფერხებს გაწმენდით სამუშაოებს. ტრანსპორტის მოძრაობა კი სავარაუდოდ ხვალ აღდგება. შესაბამისად, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა დანიშნულების ადგილზე ხვალ შეძლებს მისვლას.