ავტომობილების ტექდათვალიერება პირველ ეტაპზე, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანებს შეეხება

2018 წლის პირველი იანვრიდან, ავტომობილების ტექდათვალიერება პირველ რიგში, დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმებით დაიწყება, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულად რა ძრავის მქონე მანქანები ჩაითვლება მაღალი ძრავის მქონე ავტომობილებად და საწყის ეტაპზე რომლებს შეეხება სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება, ეს ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც შესაბამისი გრაფიკი გამოქვეყნდება. მასში გაიწერება რომელი მანქანა, რომელ თვეს უნდა მივიდეს ტესტირების ცენტრებში.

მისივე თქმით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან აუცილებლად დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

„დღეს მოქმედი რეგლამენტით პერიოდული ინსპექტირება ეხება სატვირთო ავტომობილებს, რომელთა მასა არის 3.5 ტონაზე ზევით და სამგზავრო ავტომობილებს, რომლებსაც აქვთ 8 ან მეტი დასაჯდომი ადგილი. მაგრამ იმის გამო, რომ ჯარიმა ძალიან დაბალია - 10 ლარია, შესაბამისად, ამ კატეგორიის მანქანების ძალიან მცირე ნაწილი გადის პერიოდულ ინსპექტირებას, ამიტომ პირველ რიგში, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. ასევე დღეს არსებული ხარისხი ისეთი არ არის, რაც უნდა იყოს. 2018 წლიდან ეს ყველაფერი იცვლება, ანუ აბსოლუტურად ყველა სრულყოფილ შემოწმებას გაივლის“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, რაოდენობიდან გამომდინარე, ერთ ან ორ თვეში ყველა ავტომობილის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ მათი გადანაწილება გარკვეულ პერიოდზე მოხდება, რათა თავიდან იქნას აცილებული რიგები და ყველაფერი ორგანიზებული იყოს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მსუბუქი ავტომობილები გადავანაწილოთ ორი წლის განმავლობაში. პირველ რიგში, დაიწყება დიდი მოცულობის ძრავის მქონე მანქანების შემოწმება. რადგან მანქანას აქვს დიდი მოცულობის ძრავა, მოიხმარს შესაბამისად, დიდი რაოდენობით საწვავს და დაბინძურების ხარისხი მეტი აქვს. ამიტომ პირველ რიგში, ეს მანქანები უნდა იყვნენ წესრიგში, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. შემდეგ, როდესაც ტესტირების ახალი ცენტრები დაგვემატება, უკვე გადავალთ სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. კონკრეტულად საიდან დავიწყებთ, ამას ოქტომბრის ბოლოს მოგახსენებთ. სწორედ ოქტომბრის ბოლოს გამოვაცხადებთ გრაფიკს თვეების მიხედვით, რომელი მანქანები რომელ თვეს უნდა მივიდნენ ტესტირების ცენტრებში“, - განაცხადა ხმალაძემ.