სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელთა ასტრონომიულ ხელფასებს ჯერ არ ეშველა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) აცხადებენ, რომ სახელმწიფო შპს-ებსა და სსიპ-ებში უწყებებში დღემდე არ დარეგულირებულა მაღალი პრემიებისა და დანამატების გაცემის მიზნობრიობის საკითხი.

IDFI-ის მიერ, სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირების ხელმძღვანელთა ანაზღაურება თვეში 2500 - დან 5000 ლარამდე მერყეობს. სახელმწიფო შპს-ების შემთხვევაში კი წლიური შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათასს უტოლდება.

მაგალითად, შპს ბათუმის აეროპორტის გენერალური მენეჯერის წლიური ანაზღაურება 379 915 ლარია. შეგახსენებთ, რომ შპს ”ტავ ურბან საქართველო" 100%-ით სახელმწიფო საწარმოა. შპს ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალურ დირექტორს კი სამსახურებრივი სარგოს სახით წელიწადში 83 200 ლარი აქვს.

ცოტა ხნის წინ, ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წამოწია და მთავრობის წევრებს აღნიშნული სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვა მოსთხოვა, თუმცა ამ მიმართულებით მთავრობას ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით bpn.ge ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარს, გოგა თუშურაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო შპს-ები და სსიპ-იებისგან საჯარო ინფორმაციის მიღება შეზღუდულია, რადგან მათ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ გააჩნიათ. თუშურაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო შპს-ები და სსიპ-იების ხელმძღვანელების ხელფასები ხელისუფლების მიერ უნდა კონტროლდებოდეს.

IDFI-ის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში ამ საკითხის მოსაგვარებლად რეგულაციებს მიიღებს. "რადგან მთავრობამ ყურადღება უკვე გაამახვილა სახელმწიფო შპს-ები და სსიპ-იების ხელმძღვანელების ხელფასების არალოგიკურ სიდიდეზე, სავარაუდოდ, საკითხის მოგვარებაზეც იზრუნებს", - აცხადებს გოგა თუშურაშვილი.

ახლა ჯერი მთავრობის ეკონომიკურ გუნდზეა, რომელმაც სსიპ-ებისა და შპს-ების ოპტიმიზაციის გეგმა უნდა წარუდგინოს მთავრობას. შევა თუ არა სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებები, ამას მთავრობაში ჯერ არ აკონკრეტებენ.