სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 157 ექიმს დააკისრა, აქედან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 67 ექიმს შეუჩერდა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული.
სააგენტოს ცნობით, 2017 წლის იანვრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე დაწყებულია/დასრულებულია 141 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა.
„პროფესიული განვითარების საბჭომ 2017 წელს განიხილა 103 საკითხი და 161 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 157 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, ხოლო 4 ექიმს არ დაეკისრა. 90 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 67 ექიმს“, – აღნიშნულია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ამავე წერილიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე დაწყებულია/დასრულებულია 178 პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა. პროფესიული განვითარების საბჭომ, 2016 წელს განიხილა 123 საკითხი და 198 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 105 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, ხოლო სხვადასხვა ვადით სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 93 ექიმს.