თუ მანქანა ერთხელ გაივლის ტექდათვალიერებას და არის მარჯვენასაჭიანი, მას უკვე ეკრძალება საჭის გადატანა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ”სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს” დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ როდესაც ასეთი მანქანა მეორედ მივა ტესტირებაზე და მას მარცხენა მხარეს ექნება საჭე გადატანილი, სავალდებულო ტესტირებას ვეღარ გაივლის.
რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ მანქანებს, რომელთა რაოდენობა, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, საკმაოდ დიდია, „თუკი საჭის მექანიზმი წესრიგშია“ ისინი სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას ჩვეულებრივად გაივლიან.
„ეს მანქანები სხვა პარამეტრებზე ტესტირებას ჩვეულებრივად გაივლიან, მაგრამ რაც შეეხება საჭის მექანიზმს, ჩვენ შევამოწმებთ და თუ ძალიან ცუდი მდგომარეობა არ არის, მაშინ სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ჩვეულებრივად გავატარებთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, ამ შემთხვევაში დროს მივცემთ, რომ გამოასწორონ მინიმალურად მაინც“, - განაცხადა ხმალაძემ.