საუდის არაბეთის მეფის სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის მოსკოვში ვიზიტისთვის რუსეთმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დარგში რამდენიმე კონტრაქტი მოამზადა, რომელთა ოდენობაც 3 მილიარდ დოლარს აღემატება. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ამ პაკეტში С-400 „ტრიუმფის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების რამდენიმე დივიზიონის მიწოდებაც შედის.
„5 ოქტომბერს საუდის არაბეთის მეფე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, მაგრამ ამ დღეს კონტრაქტების ხელმოწერა არ არის დაგეგმილი. თანამშრომლობის პერსპექტივები პირდაპირ არის დაკავშირებული ორ ლიდერს შორის შეხვედრაზე“, - წერს „კომერსანტი“.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ათი წელია ცდილობს საუდის არაბეთის შეიარაღების ბაზარზე შესვლას, მაგრამ რამდენიმეჯერ გამართული მოლაპარაკების მიუხედავად, ხელშეკრულების გაფორმება ჯერ არ მომხდარა.