ოფისში ძილის ოთახი მუშაობის პროცესს აფერხებს

ტექნოლოგიური კომპანია AskforTask.com-ის მენეჯმენტი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კომპანიებში ე.წ. ძილის ოთახები სამუშაო პროცესს აფერხებს.

გასულ წელს ტექნოლოგიურმა სტარტაპმა AskforTask.com-მა თავისი ვებ-პლატფორმის გადაკეთება სწრაფად გადაწყვიტა და თანამშრომლების მაღალი კონცენტრაცია კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ თავისი თანამშრომლებისთვის დასასვენებელი ოთახი მოეწყო.

ტექნიკურ თანამშრომლებს კვირაში 70 სთ მუშაობა უწევდათ, ამიტომ კომპანიამ მიიჩნია, რომ ოთახი, სადაც ისინი ცოტა ხნით დასვენებას და ძილს შეძლებდნენ, შრომიუნარიანობის ასამაღლებლად იდეალური გამოსავალი იქნებოდა. თუმცა, გეგმა ჩავარდა.

"მალე გაირკვა, რომ მოკლე ძილს საწინააღმდეგო შედეგამდე მივყავდით. ხელმძღვანელობამ 15 წუთიანი ძილის უფლება დააწესა, თუმცა ბევრი თანამშრომელი ძილს აგრძელებდა. შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი, ნახევრად მძინარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოსაფხიზლებლად, სვამდა ყავას ან ცივი წყლით იბანდა პირს", - ამბობს ნაბილ მუშტაკი, რომელიც კომპანიის თანადამფუძნებელია.

"ამ ყველაფერზე 30 დან 90 წუთამდე დრო იკარგებოდა" - აღნიშნა AskforTask.com-ის დირექტორმა.

"შრომის ნაყოფიერების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ექსპერიმენტის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ, გუნდი ერთი კვირის განმავლობაში მიწოდებული დავალებების მხოლოდ 55%-ის რეალიზებას ახდენდა, რაც ექსპერიმენტის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელზე 30%-ით ნაკლები იყო",- განმარტა მუშტაკმა.

ამის გამო, კომპანიაში გადაწყვიტეს, რომ "ძილის ოთახი" დაკიდებული სავარძლების, მყუდრო განათების, ტელევიზორის მქონე "ინოვაციურ ლაუნჯად" გადაეკეთებინათ, სადაც მსუბუქი მუსიკაც ისმის. არსი მდგომარეობს იმაში, რომ თანამშრომლებმა შეძლონ გარკვეული ხნით მოდუნება ამასთან ისე, რომ არ დაიძინონ.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მხოლოდ 6 კვირის შემდეგ შრომის ნაყოფიერების დონემ საძინებელი ოთახის არსებობამდელ დონეს მიაღწია.

"ჩვენ ამ ოთახს დასახელება და გაფორმება შევუცვალეთ. შედეგად მივიღეთ, რომ ახლა თანამშრომლები კვირის მანძილზე მიწოდებული დავალებების 85%-ზე მეტს ასრულებენ"- აღნიშნა მუშტაკმა.

თუმცა, სხვადასხვა კვლევები ადასტურებენ, რომ შესვენება და ძილი ხელს უწყობს ენერგიის აღდგენას და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას. მენეჯერების ნაწილი აცხადებს, რომ მთავარია მოხდეს ბალანსის დაჭერა და გარკვეული "მექანიზმის" ჩადება თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახების გაკეთების დროს.

მაგალითად, საიმონ ჰადსონმა, რომელიც დუბაიში მდებარე Brndstr-ის გენერალური დირექტორია, თანამშრომლებისთვის დასასვენებელი სივრცე დიდი ოფისის კუთხეში მოაწყო. კუთხეში დადგეს კომფორტული სავარძლები, ტელევიზორი და PlayStation-იც კი.

”ასე, ყველაფერი მოთავსებულია ერთ სივრცეში, ამგვარად ამ სივრცით ბოროტად მოსარგებლე (იგულისხმებიან ისინი, ვინც დაწესებულზე მეტ ხანს ისვენებენ ავტ.) თანამშრომლებს, თავისდაუნებურად გაუჩნდებათ დანაშაულის შეგრძნება”,- იმედოვნებს ჰადსონი.

აღსანიშნავია, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბევრ წამყვან კომპანიას თავის ოფისში აქვს მოწყობილი მოსასვენებელი ოთახები. ამ კომპანიებს შორის არიან Apple, Google, Huffington Post, Nike, Procter & Gamble და სხვა.