„სექტემბერში სურსათის ფასის ინდექსი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა“

სექტემბერში სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა. კერძოდ, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსმა სექტემბერში 178.4 ქულა შეადგინა , რაც აგვისტოს ინდექსზე 0.8%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.3%-ით მეტია.

FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი ზომავს საერთაშორისო ფასებს სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე: მარცვლეულზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, ხორცსა და რძეზე.

FAO -ის მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პალმის, ასევე, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასების ზრდამ განაპირობა.

აგვისტოსთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი. ფასის ზრდა ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კარაქისა და ყველის მიწოდების შემცირებამ განაპირობა.

სექტემბერში FAO-ის მარცვლეულის ფასების ინდექსი 1%-ით შემცირდა, რაც დიდწილად მოსავლის კარგმა პროგნოზმა განსაზღვრა. ამ სეზონზე FAO-ს პროგნოზებით, მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის მარცვლეულის მოსავალი უნდა მოვიდეს. რაც შეეხება, შაქარსა და ხორცს, სექტემბერში მათზე ფასები არ შეცვლილა.