სერტიფიცირებულ ექიმებს, შესაძლოა, ხელახალი სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ

მომავალი წლიდან ქართველ ექიმებს კვალიფიკაციის დასადასტურებლად, შესაძლოა, სერტიფიცირების გავლა მოუწიოთ , - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზოიძის ინფორმაციით, კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ექიმთა ასოციაციებთან ერთად მუშაობს დიპლომისშემდგომი განათლების შესახებ კანონპროექტზე და შესაძლოა ის მომავალი წლიდან ძალაში შევიდეს. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომაა, სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე გააკეთოს აქცენტი და არა იმაზე, რომელი ექიმი დაისაჯოს და სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდეს. „კომიტეტი მუშაობს პოსტდიპლომირებული განათლების კონცეფციაზე. სამინისტროსთან ერთად ვიხილავთ ამ საკითხს“, - აცხადებს ზოიძე.

მისივე თქმით, ის სტატისტიკური მონაცემი, რომ 2017 წელს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 157 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა, ხოლო 67-ს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა, „ჯანდაცვის სისტემის შესაბამისია“.

„თუ არ ვცდები დაახლოებით იგივე მონაცემებია, რაც გასულ წელს იყო. საქართველოსთვის ეს ბევრია თუ ცოტა, ძნელი სათქმელია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 35 ათასი სამედიცინო შეცდომა ხდება ყოველწლიურად. გასაგებია, რომ იქ მოსახლეობის რაოდენობა მეტია, მაგრამ სამედიცინო მომსახურების ხარისხიც განუზომლად მაღალია. ჩვენთანაც, ჩემი აზრით, ის სტატისტიკური მონაცემები შესაბამისია იმასთან, რა მასშტაბის ჯანდაცვის სისტემაც გვაქვს და რამდენი ექიმიც გვყავს.

20 ათასამდე ექიმი გვყავს საქართველოში. მოქმედი, აქტიური ექიმი 12 ათასია და აქედან 67-ს შეუჩერდა სერტიფიკატის მოქმედება. ეს საერთო რაოდენობის 1 პროცენტიც არ არის. ჩემი აზრით, უფრო მეტი სამედიცინო შეცდომა ხდება, მაგრამ აქ უკვე ეფექტიანობის სისტემაზეა საუბარი. ყველას ვერ დასჯი, ძირითადად, მაინც სამედიცინო შეცდომის პრევენციაზე უნდა იყოს აქცენტი და არა რეაგირება ამ შეცდომაზე, რომ დავსაჯოთ ექიმი, შევუჩეროთ სერტიფიკატის მოქმედება, დავაყენოთ მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი“, - აცხადებს ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პრობლემიდან გამოსავალს დიპლომისშემდგომი განათლების კონცეფციის სრულყოფაში ხედავს და აცხადებს, რომ აუცილებელია ექიმის კვალიფიკაციის საკითხი მუდმივად გადამოწმდეს. „მთავარია, დიპლომისშემდგომი განათლების კონცეფციის სრულყოფა, რაც რამდენიმე წლის წინ გააუქმეს. ბოლოს ის კორუფციის ელემენტი იყო სისტემაში, მაგრამ დღეს არ შეიძლება და არც ერთ ქვეყანაში არ არის მსოფლიოში, რომ ერთხელ მივცეთ ექიმს სერტიფიკატი მთელი ცხოვრებით და შემდგომ არც განათლება დასჭირდეს, არც პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. დღეს არ ხდება მისი პროფესიის გადამოწმება. არადა, ეს არის პირი, რომელსაც ყოველდღიურად უხდება ადამიანის სიცოცხლესთან შეხება.

საკითხის მოგვარება მთელ მსოფლიოში ან თვითრეგულირებით ხდება, ან სახელმწიფოს მეშვეობით. შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია პოსტ დიპლომირებული განათლების და პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფა. ყოველ 5 წელიწადში იქნება თუ როგორ, ამაზე ასოციაციებთან და სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ. მთავარია, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ განათლებული, პროფესიონალი ექიმები გვყავდეს, რომელთა ყველა ჩვევა შესაბამის სიმაღლეზე იქნება და არ მოგვიხდება სანქციების დაკისრება, სასამართლოში წასვლა და მათ შეცდომაზე ასე რეაგირებაზე. ამაზე მუშაობა დაწყებულია და ამ თვეში სამოქმედო გეგმის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ, თუ რაზე ვიმუშავებთ მომავალ წელს.

ჩვენი მიდგომა გულისხმობს გარკვეული ინტერვალით გამოცდების ჩატარებას, პრაქტიკული ან ქულების სისტემის ჩამოყალიბებას. ამის პრაქტიკა მსოფლიოში არის, სადაც ხდება სერტიფიკატის დადასტურება, რომ ექიმის უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია კვლავ შეესაბამება იმ დონეს, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ პაციენტის სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს.

სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ კანონზე, ძალიან მასშტაბური კანონპროექტი იქნება, სადაც დელიკატური საკითხებიც შევა. 2000-იან წლებში იყო მსგავსი სისტემა, მაგრამ კორუფციის წყაროდ იქცა და იმის ნაცვლად, რომ სისტემა გაესწორებინათ, გააუქმეს. მომავალ წელს დიდი შანსია, რომ კანონიც გვქონდეს, მაგრამ ამისთვის პარლამენტმაც უნდა დაგვიჭიროს მხარი. ჩვენს სამოქმედო გეგმაში ეს საკითხი უკვე არის, ჯერი პარლამენტზეა“, - განაცხადა ზოიძემ.