"საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს კავშირი აქვს ბიზნესთან

თბილისის საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10-ს კავშირი აქვს ბიზნესთან , - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ, თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშში.

"პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს",- ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის თანახმად, წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძეს, გიორგი ახვლედიანს, გიორგი მუსხელიშვილს, ლია ჯახველაძეს და გულიკო ზუმბაძეს.

არასწორად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირის წილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძის და ლევან დარახველიძის.

აღსანიშნავია, რომ კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე, ლევან დარახველიძე და ლია ჯახველაძე.