თბილისში ტაქსტების ტარიფმა ისევ მოიმატა. მართალია, ზოგიერთ კომპანიაში ამას არ ადასტურებენ, მაგრამ ზოგ მათგანში არათუ ადასტურებენ, არამედ არც იმას გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს.
როგორც ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში მძღოლები და ტაქსის გამოძახების სერვისის მქონე კომპანიები აცხადებენ, აღნიშნული ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, ქვეყანაში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა. შესაბამისად, აღნიშნავენ, რომ ისინი უბრალოდ იძულებულები გახდნენ ამგვარად მოქცეულიყვნენ.
”თბილისი ტაქსის” დირექტორი ნიკოლოზ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ტაქსებზე ტარიფი გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული პერმანენტულად იმატებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ქვეყნის ეკონომიკის გარდა ტაქსის გამოძახების ავტომატიზირებული სისტემების ტექნოლოგიების განვითარების ფაქტორი გახდა.
ნიკოლოზ ტყეშელაშვილი მიზეზებს შორის ასევე ასახელებს ბაზარზე ტაქსის სფეროში ბიზნესის უკონტროლობას, რეგულაციების არქონას და ვალუტის კურსის ცვალებადობას, რაზეც ავტომანქანის მეორადი ნაწილების ფასებია დამოკიდებული.
”ასევე უცხო ქვეყნებიდან ტაქსის გამოძახების ავტომატიზირებული სისტემების შემოსვლას, როგორიცაა Taxify, Yandex taxi, Redtaxi, Agorataxi, 60-60-60. ამ პროგრამებს დინამიური ტარიფები აქვთ და როდესაც ტაქსიზე მოთხოვნა იზრდება ტარიფებიც საგრძნობლად იზრდება.
”ეს პროგრამები ყოველი შესრულებული მისამართიდან მძღოლს ავტომატურად აჭრის 7%-12% მდე თანხას. გამოდის, რომ თუ ადრე მძღოლი ასრულებდა 3 ლარიან მისამართს და იხდიდა რაციის სააბონენტოს, პროგრამულად შესრულებული მისამართის შემთხვევაში მას 2,70 რჩება. ე. ი წაგებაშია. აქედან გამომდინარე, მძღოლები უარს ამბობენ 3-4 ლარიანი მისამართების შესრულებაზე. ტარიფების მატების პირველი ეტაპიც ამან განაპირობა,” - აცხადებს ნიკოლოზ ტყეშელაშვილი.
მისი თქმით, ფასების მატება ჯერჯერობით მოთხოვნის შემცირებაზე არ ასახულა. რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა ტარიფის მატებას უახლოეს მომავალში, ნიკოლოზ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ეს ისევ ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ტარიფები ბაზარზე გამოჩენილმა რუსულმა კომპანია იანდექს -ტაქსიმაც გააძვირა. მოგეხსენებათ, ამ სერვისით სარგებლობა მხოლოდ ონლაინ შეკვეთითაა შესაძლებელი. ქართულ ბაზარზე შემოსვლის მომენტში „იანდექსს ტაქსის“ ტარიფი 50 თეთრიდან იწყებოდა. მოგვიანებით საწყისი ფასი 1 ლარი გახდა. რამდენიმე დღის წინ კი საწყისი ტარიფი 2 ლარამდე გაიზარდა
„ბიზნესპრესნიუსმა“ კომპანიას კითხვებით მიმართა, რათა ზრდის მიზეზები გაეგო. თუმცა, იანდექს–ტაქსი მოკლე პასუხით შემოიფარგლა:
„ტარიფები დგინდება ბაზრის რეალობის მიხედვით — ეს ყოველთვის მოთხოვნის და შემოთავაზების ბალანსია. ჩვენ გთავაზობთ საშუალო საბაზრო ღირებულებას, მაგრამ ჩვენგან მანქანების მიწოდება ხშირად უფრო იაფია — აქედან გამომდინარე, უფრო იაფია მინიმალური მგზავრობის ფასიც. ასეთი ფასების შემოთავაზების საშუალებას გვაძლევს შეკვეთების განაწილების "ჭკვიანი" ალგორითმი, რომელიც ითვლის მანძილს მგზავრამდე ოპტიმალური მარშრუტით, საცობების გათვალისწინებით და შეკვეთას ავტომატურად იღებს ის მძღოლი, რომელიც ყველაზე ახლოს არის მგზავრთან. ეს ამცირებს მძღოლის უსაქმოდ ყოფნის დროს და საშუალებას აძლევს უფრო მეტი შეკვეთა შეასრულოს დღეში“, – განგვიცხადა იანდექს ტაქსის საერთაშორისო PR-პროექტების ხელმძღვანელმა დალიდა ნაკუპოვამ.
ტარიფების მატების თავიანთი მიზეზები აქვთ მძღოლებს, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ. ბატონი რამაზი უკვე 10 წელია ტაქსის მძღოლია. ამბობს, რომ ამ საქმეს მიეჩვია და ახლა სხვა რამის კეთება ვეღარ წარმოუდგენია.
„არა მხოლოდ ტაქსი, ევროპაში ზოგადად მგზავრობა ძვირია. საქართველოშიც, ალბათ ნელ-ნელა გაძვირდება უფრო. ჩემი აზრით, ლოგიკურია, რომ ფასები იმატებს. ჩვენ, დამოუკიდებელ მძღოლებს, ფიქსირებული ტარიფები არ გვაქვს, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ კომპანიები ფასს მაღლა წევენ, ჩვენც ვაძვირებთ. თუმცა, ჩვენთან ყველაფერი მაინც კლიენტთან შეთანხმებით ხდება, ამიტომ ვისაც როგორ უღირს, ისე იქცევა. მაგალითად, როდესაც კომპანიას გლდანიდან მუხიანში გასვლაზე 4 ლარი აქვს დაწესებული, ის ამაზე დაბალ ტარიფად არ წაიყვანს მგზავრს. მე კი, თუ გზა მაინც იქით მაქვს, 2 ლარადაც შეიძლება წავიყვანო,” – ამბობს ბატონი რამაზი.
მისი ინფორმაციით, დამოუკიდებლად მომუშავე ტაქსის მძღოლთა უმრავლესობამ მგზავრობის ფასი სულ მცირე 1 ლარით გაზარდა.
თაკო მათეშვილი