ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Banco Sabadell, რომელიც კატალონიაშია დარეგისტრირებული, იურიდიულ მისამართს ვალენსიაში გადაიტანს.
კატალონიის ხელისუფლების ესპანეთისგან გამოყოფის ფონზე Banco Sabadell-ის ხელმძღვანელობას სურს ევროპული ცენტრალური ბანკის სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩეს. პოტენციურად დამოუკიდებელი კატალონიის ევროკავშირთან ურთიერთობებზე კი არაფერია ცნობილი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელში რეფერენდუმს საკმაოდ ცივად შეხვდნენ.
ბარსელონადან წასვლას ზოგიერთი მცირე კომპანიებიც აპირებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ კატალონია, რომელსაც საკუთარი მძლავრი ეკონომიკის იმედი აქვს, შესაძლოა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს: რეგიონში მსხვილი ევროპული კომპანიების ბევრი წარმომადგენლობა მოქმედებს, გამოყოფის პროცესმა კი შესაძლოა, ისინიც „დააფრთხოს“.
ხუთშაბათს საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო S&P-მ პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე კატალონიის რეიტინგის შესაძლო შემცირების შესახებ განაცხადა.
კატალონიაში რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. ოფიციალური მადრიდი ამტკიცებს, რომ რეფერენდუმი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კატალონიის ავტონომიის ხელმძღვანელობის თქმით, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას რეგიონი რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.