მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ გაივლიან ტექდათვალიერებას, თუმცა არის ელემენტი, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ. ამის შესახებ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია ავტომობილის მაშუქებზე, რომელიც დახრის მიმართულების გამო შემხვედრ ავტომობილს საფრთხეს უქმნის.
„მარცხენასაჭიანი ავტომობილის ფარების დახრა მიმართულია მარჯვნივ, ხოლო მარჯვენასაჭიანის - მარცხნივ. შესაბამისად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოძრაობისას შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ხილვადობის პრობლემას უქმნის. აქედან გამომდინარე, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აუცილებელი იქნება ფარების შესაბამისობაში მოყვანა. ამის რამდენიმე გზა არსებობს: მაშუქების შეცვლა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული; არის გარკვეული ტიპის ავტომობილები, რომელთა ფარების რეგულირებაა შესაძლებელი; ასევე შესაძლებელი იქნება სპეციალური სტიკერის გამოყენება, რომელიც მაშუქის იმ ნაწილს უნდა დაეკრას, რომელიც მარცხენა მხარეს დახრას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში განათება პირდაპირ იქნება მიმართული და შემხვედრ ავტომობილს პრობლემას აღარ შეუქმნის,“-განაცხადა მიხეილ ხმალაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“.