ნოდარ ხადური: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი სახელმწიფო ვალი

ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ვალის შემცირებით, ეკონომიკის შემდგომი აღმავლობა მოხდეს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, დღეს, მეოთხე რეგიონულ ფორუმზე განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის ზღვრული მაჩვენებლები არ არის მაღალი სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი სახელმწიფო ვალი”,- განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ”ეს ხელშეკრულება უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროპას და ევროპულ კულტურას. თუმცა ჩვენთვის, ჩვენი ისტორიიდან და გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია აზიის მეზობლებთან და მეგობრებთან თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავება. უზარმაზარი შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს აზიის ბაზრები აძლევს, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული".

რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სახელმწიფო ვალის მართვის მეოთხე რეგიონური ფორუმი მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორები აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არიან.