არაკეთილსაიმედო ქვეყნების საწარმოთა ინსპექტირების ახალი ტარიფები ამოქმედდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის N59 დადგენილებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წინასაიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელების ვადები და საფასური შეიცვალა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წლის 21 აპრილიდან, დაინტერესებული მხარის მოთხოვნით ჩატარებული ინსპექტირების ღირებულება არაკეთილსაიმედო ქვეყნების საწარმოებში განისაზღვრება შემდეგი ტარიფებით: სომხეთსა და აზერბაიჯანში - 1600 აშშ დოლარი; რუსეთში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში - 2500 აშშ დოლარი; აზიაში - 8000 აშშ დოლარი; ჩრდილოეთ აფრიკაში - 5000 აშშ დოლარი; სამხრეთ აფრიკაში - 6000 დოლარი; ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში - 8000 აშშ დოლარი.

წინასაიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელების ვადა 6 თვიდან 1 წლამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საწარმოებიდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის მიზანშეწონილად მიჩნევისას, იმპორტი შეიძლება განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში, ნაცვლად 6 თვისა.

სააგენტოს განმარტებით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წინასაიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი, ერთი მომსახურების საფასურით, შეიძლება განხორციელდეს ერთი ქვეყნის არაუმეტეს ორ საწარმოში.