წლევანდელი "თბილისობის" ყველა ღონისძიებაზე ჯამში მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რაც 270 000 ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე განაცხადა, სადაც "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, წლევანდელი ”თბილისობა” სიახლეებით გამორჩეულია.
,,წინა წლებიც ძალიან დატვირთული იყო ღონისძიებებით, მაგრამ წლევანდელი ”თბილისობა” გამორჩეულია დღესასწაულების რაოდენობით და იმ სიახლეებით, რომელიც ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია ის, რომ წელს პირველად ჩვენი დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები იქნება, სადაც მათი კულტურის, სამზარეულოს, ტრადიციების ჩვენება მოეწყობა. გარდა ამისა, ახალ აღმაშენებელზე იქნება საქართველოს ისტორიაში არსებული მარკების გამოფენა-ჩვენება. აქვე იქნება წარმოდგენილი ე.წ. ორთქლის ქალაქი, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციაა", - განაცხადა ნარამანიამ და დასძინა, რომ ღონისძიებები გაიმართება რიყის ტერიტორიაზეც.
მისივე თქმით, შემაჯამებელი ღონისძიება - გალა კონცერტი გაიმართება აბანოთუბანში, რომელიც ასევე წელს პირველად ძალიან საინტერესო კონცეფციითაა წარმოდგენილი.
ნარმანიას განცხადებით, ასევე ტრადიციულად დაჯილდოვდებიან საპატიო თბილისელები.
,,ძალიან დატვირთულია ღონისძიებებით, როგორც დღევანდელი დღე, ასევე ხვალინდელიც. წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით სტუმრებს ველოდებით, რომლებიც სხვადასხვა ტურისტული კომპანიების მეშვეობით ჩამოვიდნენ. ასევე დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქებიდან 50-მდე სტუმარი გვყავს. ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ველოდებით. ამინდიც კარგი გვაქვს და ყველანაირი წინაპირობაა იმისთვის, რომ დაუვიწყარი ”თბილისობა” ვიზეიმოთ", - განაცხადა ნარმანიამ.