დეველოპერული კომპანია M² მომხმარებელს ბინებს 29 ათას დოლარად შესთავაზებს

მომხმარებელი ფინანსური სახსრების დაბანდებას დეველოპერული კომპანია M2-ის ობლიგაციებში შეძლებს.

ამის შესახებ M2-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა.

ბურდილაძის თქმით, ხსენებული ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და ერთი წლის ვადა აქვს. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 1000 აშშ დოლარს შეადგენს და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს 9,5 პროცენტს სთავაზობს. ობლიგაციის დამატებით უპირატესობას შეადგენს მისი გასხვისების შესაძლებლობა.

M2 ობლიგაციების მთლიანი გამოშვება 5 მილიონი აშშ დოლარია.

M2 ობლიგაციის მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიმართოს საბროკერო კომპანია "ბიჯი კაპიტალს" ან მის ფინანსურ შუამავალს, "საქართველოს ბანკს".

ირაკლი ბურდილაძის ინფორმაციით, ხსენებული ობლიგაციის გამოშვებით, დეველოპერული კომპანია M2, საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. ამასთან, M2 გეგმავს განსახორციელებელი სამშენებლო პროექტების სპექტრის გაფართოებას და სამომავლოდ სხვადასხვა მოთხოვნების და საჭიროებების მქონე მომხმარებელზე მორგებული საცხოვრებელი კომპლექსების შეთავაზებას.

ბურდილაძის თქმით M2 ამ ეტაპზე მუშაობს კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელსაც სულ მალე შესთავაზებს მომხმარებელს. ეს იქნება ოროთახიანი გარემონტებული ბინები თბილისის ცენტრალურ უბნებში, აღჭურვილი სამზარეულოთი და სამზარეულო ტექნიკით, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად -სულ რაღაც 29 ათას დოლარად. ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ის სამშენებლო პროდუქტი, რაშიც კომპანია ობლიგაციებიდან მიღებულ თანხას დახარჯავს.