საგარეო საქმეთა სამინისტროში ბიუჯეტის ზრდა ძირითადად საელჩოების დაფინანსებაზე მოდის და არა ადმინისტრაციულ ხარჯებზე , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილავენ. როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, აღნიშნული მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გარკვეული ზრდაა.
„საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი რეფორმა დაიწყო 2016-2017 წლებში, მათ შორის, ეს არის დიპლომატიურ დაწესებულებებში მომუშავეთა დაზღვევა, ასევე განათლების ხარჯების დაფინანსება. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია 2018 წელსაც. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, აღნიშნული უწყების დაფინანსება 4 მილიონით იზრდება და შეადგენს 114 მილიონ ლარს. აქვე გათვალისწინებულია დისაპორასთან ურთიერთობის საკითხები და ლევილის მამულის სარებილიტაციო სამუშაოების თანხები“, - განაცხადა კაკურიძემ.
რაც შეეხება 2018 წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, აღნიშნული უწყების დაფინანსება უშუალოდ ბიუჯეტიდან 10 მილიონითაა გაზრდილი. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ უწყებასთან მიმართებაში ზრდა არის ძირითადად დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა ირიგაციის კუთხით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უწყების დაფინანსება 112 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა პენსიების ზრდა ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული. „მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო გასაცემლებში ზრდა გვაქვს, ეს უკავშირდება ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას. ამ ეტაპზე წარმოდგენილ ბიუჯეტში პენსიის ზრდისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა კაკაურიძემ.