პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ თამბაქოს კონტროლის კანონთან დაკავშირებით 2018 წლის ბიუჯეტში დაფინანსება არ გაიზრდება, კომიტეტი ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. როგორც ზოიძემ განაცხადა, თამბაქოს კონტროლის კანონის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა გაიზარდოს.
”კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტს განვიხილავთ. ეს საკითხი აუცილებლად დადგება. კანონპროექტის გადავადება გამორიცხულია. თამბაქოს ინდუსტრია გადავადებისთვის ძალიან ბევრს აკეთებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ მოხდება. კომიტეტის მხარდაჭერა არ ექნება ბიუჯეტს, სადაც თამბაქოს კონტროლზე ასეთი მცირე თანხები იქნება გამოყენებული. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ დამატებითი თანხების გამოყოფას. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დიდი იმედი მაქვს ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა”, - აღნიშნა ზოიძემ.
მისივე თქმით, ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით გამართლებულია.
”გარკვეულწილად, ეს წუხილი გამართლებელია, მხოლოდ 180 000 ლარია გათვალისწინებული თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე. 1 მაისიდან შედის ძალაში კანონი. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი, მინიმუმ საზოგადოებრივი აზრის მომზადების მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ეს პროცესი, როდესაც შენობებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებში აიკრძალება მოწევა. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მინიმალური სოციალური დაძაბულობით. სხვა ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს, რომ 3-4 თვეში კანონი პრაქტიკულად თვითაღსრულებადი ხდება, რადგან სოციალური ნორმა იცვლება მოწევასთან მიმართებაში. პირველ თვეებში შესაძლოა კანონის ამოქმედებას გარკვეული დაძაბულობა ახლდეს თან, ამიტომ, აუცილებელია მომზადდეს მაკონტროლებელი ორგანოები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობები და საზოგადოებრივი აზრი. ამისთვის გარკვეული თანხებია საჭირო. ჩვენ დაგვეხმარებიან პარტნიორები, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა გაიღოს წვლილი”, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ძალაში შესვლას საფრთხე ემუქრება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობას უნდა გააჩნდეს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამა, რაც 2018 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული არ არის. ალიანსის ინფორმაციით, ეს საკითხი მხოლოდ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ინტეგრირებული და მისი დაფინანსება მიზერულია.
ალიანსი მოითხოვს, ცალკე თამბაქოს კონტოლის სახელმწიფო პროგრამის დაცული მუხლით არსებობას და მომავალი წლის ბიუჯეტში ახალი რეგულაციების აღსრულების ხელშესაწყობად რეალური დაფინანსების გამოყოფას. ალიანსი აცხადებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადების გაზდრით ასეულ მილიონობით დამატებითი შემოსავლებია ბიუჯეტში, თამბაქოს ზიანის შესამცირებლად კი ფაქტობრივად არაფერი იხარჯება.