მომავალ წელს ინოვაციების ეკოსისტემის პროექტზე ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ქვეყნის მასშტაბით დამატებით 4 რეგიონული ტექნოპარკი შეიქმნება. ახალი ტექნოპარკები თელავში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში ამოქმედდება.
გარდა ამისა, გურჯაანში, ბოლნისში, ამბროლაურში, ქარელში, კასპში, ხაშურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ახმეტაში, რუხსა და მესტიაში ინოვაციების 12 ცენტრის ამოქმედებაა დაგეგმილი.
როგორც ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, 2018 წელს 45 სტარტაპისთვის 4 500 000 ლარის ოდენობის; ხოლო 7 ინოვაციურ პროექტში 3 500 000 ლარის ოდენობის წილობრივი გრანტის გამოყოფაა გათვალისწინებული.
ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი ასევე გულისხმობს: ელექტრონულ კომერციის ტრენინგების, ტექნიკური ხასიათისა და სხვა სახის კონსულტაციების ჩატარებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სპეციალისტების გადამზადებას, კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად მეწარმეთა დაფინანსებას და ა.შ.