პრევენციული და საგამოძიებო ღონისძიებების მეტი ეფექტიანობისთვის 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით დამატებით 1 500 ე.წ. „ჭკვიანი“ კამერის ამოქმედება იგეგმება.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ზოგადად, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავების მიზნით, მომავალ წელს ბიუჯეტიდან დაახლოებით 506,6 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია პრევენციული და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერება; ეფექტიანი და ანგარიშვალდებული სამართალდამცავი უწყების ჩამოყალიბება; დანაშაულის პრევენცია, დანაშაულზე სწრაფი რეაგირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება/მართლწესრიგი და ა.შ.
ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები 1-ელი ნოემბრიდან ჩაირთვება. ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს. ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.