ვიქტორ დოლიძე - ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები ძალიან მინიმალურია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისას დარღვევები არის ძალიან მინიმალური , რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შეჩერებაზე.

ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2017 წლის 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით შენგენის ზონაში საქართველოს 54 929 მოქალაქიდან 3 000 არ დაბრუნდა. დოლიძე აცხადებს, რომ მთავარია საქართველოს მოქალაქეებმა არ მოითხოვონ თავშესაფარი, რადგან ეს გამოიწვევს პრობლემებს.

„მონაცემები იქნება ძალიან მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის. როგორც იცით, ამას აკეთებს შესაბამისი უწყება, შს სამინისტრო და სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ვმოქმედებთ. მაქსიმალურად გვინდა გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს წესები, ვუთხრათ რომ არ მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებელთა მონაცემების გაზრდა ყოველთვის იწვევს პორობლემების წარმოშობას და მთავრობას, ხანძრის ჩაქრობა გვიწევს. არაერთხელ ყოფილა მსგავსი რამ, თუმცა ყველაფერი ჯერჯერობით ნორმალურად მიმდინარეობს. იმ 3 000 კაციდან რამდენს აქვს დარღვეული მიმოსვლის წესები, ძნელი სათქმელია. შესაძლოა ბრიუსელში ჩაფრინდა პირი და იქიდან გადაფრინდა ყაზახეთში ან სხვაგან. ამიტომ, ამგვარი მონაცემები ზუსტად გვქონდეს აღნუსხული, ბუნებრივია შეუძლებელია. ტენდენცია ჩანს ძალიან კარგად და დარღვევები არის ძალიან მინიმალური, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებს რეჟიმის შერებაზე“, - განუცხადა ვიქტორ დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“.

დღეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია „ევროპა სახლია“ დაიწყო, რომელსაც „სიდა“ ახორციელებს. უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსი საქართველოს რეგიონები იქნება, განსაკუთრებით მაღალმთიანი, საზღვრისპირა, კონფლიქტური, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები და სოფლები. ტრენერები მოსახლეობას აუხსნიან, თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის თავმოყრა მოუწევთ, სანამ ევროკავშირში/შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ და გააცნობენ იმ საფრთხეებს და რისკებს, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს. კამპანიის მიმდინარეობისას შეხვედრებზე რეგიონების მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგდება, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა.