ICOMOS-საქართველო:  "პანორამა თბილისის" განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგება

ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, "პანორამა თბილისის" განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმძღვანელო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც ICOMOS-ს განცხადებაშია აღნიშნული, 2014 წლის მარტში საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს მთავრობას წარუდგინა მეგა პროექტი - "პანორამა თბილისი", რომლიც თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვით ზონაში უნდა განხორციელდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ეწინააღმდეგება კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არ დააყოვნა დადებითი შეფასება მიეცა პროექტისთვის ისე, რომ კანონით განსაზღვრული პროცედურების გავლას, მათ შორის პროფესიული საბჭოს დასკვნას არ დაელოდა. ამის პარალელურად კი საზოგადოებას მედიის საშუალებით ამცნო დარგში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან კულტურის სამინისტრო ძეგლის სტატუსის მოხსნისა და "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის" პროექტების დამტკიცების შემთხვევაში, აღარ დაეყრდნობა კანონმდებლობით განსაზღვრულ, პროფესიული საბჭოს რეკომენდაციებს, არამედ გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი სახელმწიფო საბჭო", - ნათქვამია ICOMOS-საქართველოს განცხადებაში.