ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ აკონკრეტებს, რამდენი ერთეული ვერტმფრენისა და სახანძრო მანქანის შეძენა იგეგმება 20 მილიონი ლარით, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის არის გათვალისწინებული.
“გარკვეული თანხების მობილიზებას ვახორციელებთ იმისთვის, რომ მოხდეს შესყიდვები, როგორც ვერტმფრენების, ასევე მანქანების. ზოგადად, სამი-ოთხი წლის განმავლობაში უნდა იყოს, როგორც ვერტმფრენების შეძენა-რეაბილიტაცია, ასევე მანქანებისაც. კონკრეტულად 20 მილიონში რამდენი ვერტმფრენი და მანქანა იქნება, ზუსტად არ ვიცით, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები. თავისი სპეციფიკა აქვს ვერტმფრენსაც და მანქანასაც. რისი შესაძლებლობაც იქნება, გავაკეთებთ წელს. დანარჩენი იქნება მომდევნო წლებში“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 605-მილიონი ლარი, მათ შორის 20 მილიონი ლარი განსაზღვრულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვაზე.