სექტემბრის თვის მონაცემებით, ეროვნული ბანკის რეზერვებმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ეროვნული ბანკის რეზერვებმა სექტემბრის ბოლოს დაახლოებით 3,025,041.0 დოლარს მიაღწია, რაც ბოლო პერიოდისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც ხორციელდება, ვფიქრობ, ასრულებს იმ ძირითად დანიშნულებებს, რომელიც ჰქონდა, აგზავნის დადებით სიგნალებს და გზავნილებს ინვესტორებისთვის, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სებ-ის პრეზიდენტმა ლარიზაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ დადებითად შეფასდა ის ღონისძიებები, რომელიც ლარიზაციის განხორციელების შემდეგ არის მიღწეული.
„მოგახსენებთ, რომ აგვისტოს მდგომარეობით, 2016 წლის ბოლოსთან შედარებით. დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირებულია 6%-ით, ხოლო სესხების დოლარიზაცია სისტემაში შემცირებული არის დაახლოებით 8%-ით. რაც შეეხება ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციას, აქ 12%-იანი შემცირება გვაქვს. გავაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან ერთად ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვანწილად შემცირებს მოწყვლადობას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.