სემეკ-მა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ 231 ათასი ლარი ჩამოაწერა

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის ანგარიშშია აღნიშნული, გამანაწილებელ კომპანიებსა და აბონენტებს შორის დავების უმეტესი ნაწილი აბონენტთა სასარგებლოდ გადაწყდა.

ელექტროენერგეტიკის სექტორში გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და სემეკ-ის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, 2013 წელს, დაახლოებით 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ელექტროენერგეტიკის სფეროში 2013 წელს კომისიაში განხილულ და გადაწყვეტილ იქნა შემდეგი სახის დავები: განაწილების ლიცენზიატებსა და საცალო მომხმარებლებს შორის; განაწილების ლიცენზიატებსა და განაწილების ქსელის ფრაგმენტების მფლობელ იურიდიულ პირებს შორის, საცალო მომხმარებლებსა და სხვა კვალიფიციურ საწარმოებს შორის; წარმოების, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკის სექტორის სადავო საკითხების განხილვა ხდებოდა სამუშაო შეხვედრებზე, მოდავე მხარეების, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა და კომისიის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, მხარეების მიერ წარმოდგენილი და კომისიის აპარატის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების განხილვის საფუძველზე.

დავების დიდი უმრავლესობა მხარეთა მორიგებით დამთავრდა.