საქართველოს ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ნავარაუდევი იყო, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, სავალუტო მისია უკვე ორი კვირაა საქართველოში იმყოფება და ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გამართა ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
“დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიაღწიეს შეთანხმებას, ეკონომისტების გუნდის დონეზე იმისათვის, რომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმებით გამოიყოს დამატებითი დაფინანსება. სიამოვნებით ვადასტურებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმების პროგრამა დაიწყო ძალიან მაღალ ნოტაზე. ეკონომიკა იზრდება იმაზე მაღალი ტემპით, ვიდრე ნავარაუდევი იყო. 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 3,5%-დან გაიზრდება და ასევე გაიზრდება 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. მიმდინარე ანგარიშის ბალანსიც ასევე შემცირებისკენ არის წასული და ეს გამოწვეულია იმ ძლიერი დინამიკით, რომელიც არის ფინანსურ გზავნილებზე, ტურიზმზე, ექსპორტზე დამოკიდებული. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში გაიზრდება და ამას ხელს შეუწყობს ინვესტიციები და შიდა კონკურენტუნარიანობის გაზრდა“, - განაცხადა ვერა მარტინმა.
მისივე თქმით, საქართველოში ფისკალური მდგომარეობაც იმაზე ძლიერია, ვიდრე სავალუტო ფონდი აპრილში ვარაუდობდა.