პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ წარმატებით იქნა შეფასებული ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა უმრავლესობა გაწერილია სსფ-ის პროგრამაში.
„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც წარუდგინეთ პარლამენტს. ჩვენ და სავალუტო ფონდი შევთანხმდით ყველა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიული - 3,5 პროცენტიდან 4.3 პროცენტამდე გაზარდა. მომავალ წელს, სსფ-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ კონსერვატიული პროგნოზით - 4.2 პროცენტზე დაგეგმა.
რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს- ჩვენი პროგნოზით წელს ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი 4,5 პროცენტი იქნება, რის თქმის საშუალებასაც გვაძლევს საბიუჯეტო შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების არსებული დინამიკა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, დაჩქარებულმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა საბიუჯეტო დეფიციტი 3.6 პროცენტიდან 3.0 პროცენტამდე შეგვემცირებინა პროგრამის ფარგლებში გამოყენებული დეფიციტის განსაზღვრების მიხედვით.
„ზოგადად, სავალუტო ფონდი და მთავრობა თანხმდება, რომ 2018 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს მნიშვნელოვნად გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, გრძელდება მიმდინარე ხარჯების შემცირების ტენდენცია და იზრდება კაპიტალური ხარჯების წილი, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის ხერხემლის დაჩქარებული მშენებლობის ხარჯზე.