თოფაძე და ავდალიანი ბიზნესში წილების ფლობას უარყოფენ

დეპუტატები გოგი თოფაძე და თამაზ ავდალიანი ბიზნესში წილების ფლობასა და ბიზნესსაქმიანობაში მონაწილეობას უარყოფენ.

როგორც თოფაძე აცხადებს, პარლამენტში შესვლის შემდეგ, ყველა ბიზნესი შვილს გადასცა და გადაუფორმა, რაც, როგორც თავად ამბობს, დამტკიცებული და დადასტურებულია დოკუმენტალურად.

ბიზნესში წილების ფლობას უარყოფს უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, თამაზ ავდალიანი. მისი თქმით, ფირმა, რომელშიც წილი ჰქონდა, დღეისათვის არ არსებობს.

"მქონდა ფირმა, რომელიც დაფუძნებული იყო 2010 წელს. მან სულ ორი ოპერაცია ჩაატარა და ამის მერე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. მოგეხსენებათ, ფირმის რეგისტრაცია ერთ დღეში ხდება, ხოლო ლიკვიდაცია პრობლემაა. პარტნიორი გერმანიის მოქალაქეა და ამის გამოც შეფერხდა ფირმის გაუქმება", –აცხადებს თამაზ ავდალიანი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"-მ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პარლამენტის 43 წევრს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა, ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, ცხრა კი - საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო ექვსი არც ერთს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ამ პარლამენტარებიდან სამი - ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი თოფაძე, თამაზ ავდალიანი აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც არამარტო წილები აქვთ ან ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყვნენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად.