ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდის H&M-ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო და პროდუქციის ფასები უკვე დაემატა.
მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 12 ლარიდან 400 ლარამდე იქნება.
კერძოდ, როგორც ბრენდის ვებგვერდზეა მითითებული ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და 89 ლარის ფარგლებში იქნება. ზამთრის სვიტერების ფასი 20 ლარიდან 180 ლარამდე იქნება; შარვლების ღირებულება 20 ლარიდან 129 ლარამდე მერყეობს; ჯინსის ფასი 29-დან 149 ლარამდე იქნება; ქურთუკები 89 ლარიდან 400 ლარამდე ეღირება; ფეხსაცმელების ფასი დაახლოებით 35-149 ლარის ფარგლებში იქნება; ხოლო ჩანთები 39 ლარიდან 99-მდე ეღირება. მამაკაცის სექციაში ფასები დაახლოებით 29 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს; ხოლო ბავშვის ტანსაცმელი 20-129 ლარის ფარგლებში ეღირება.
შვედური ბრენდი H&M საქართველოში პირველ მაღაზიას 18 ნოემბერს „გალერია თბილისში“ გახსნის. როგორც H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთსა და საქართველოში კლაუდია ოსვალდი აცხადებდა, სამ სართულსა და 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პირველი ქართული H&M მომხმარებლებს ტრენდულ სამოსსა და ხარისხს საუკეთესო ფასად შესთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად H&M მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.
ამასთან, სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით; Roman; Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. „გალერია თბილისში“ საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზიაც გაიხსნება.