„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამა ინვესტორებისათვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესახებ დადებით სიგნალებს აგზავნის “.
ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის 285 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა. პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცდა და 3 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდში არსებული ქვოტის 100%-ის სესხებას ითვალისწინებს. სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა გაწეული სამუშაოები. სრულად არის შესრულებული პროგრამის, როგორც სტრუქტურული ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ ამ ეტაპზე მხარდაჭერილია ეროვნული ბანკისა და მთავრობის რეფორმები. ასევე გაზიარებულია ის გეგმები, რომლებიც ქვეყანას შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში აქვს.
პროგრამით ეროვნული ბანკის მხრიდან ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმებია გათვალისწინებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღონისძიებები მომხმარებელთა უფლებების დაცვის, არასაბანკო სექტორის რეგულირების და კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. რეფორმების ფარგლებში პარლამენტში წარდგენილია პაკეტი, რომლის განხილვაც უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, ამ პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებების მიღების შემდეგ ეროვნულ ბანკს უკეთ შეეძლება იმ გამოწვევებისადმი პასუხის გაცემა, რომელიც დღესდღეობით არსებობს. ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებას, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი.
როგორც მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, პროგნოზირებულის შესაბამისად, ინფლაცია ამ წლის ბოლოს შემცირდება, ხოლო 2018 წლისათვის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს - 3%-ს მიუახლოვდება. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დადებითად შეაფასა ის მაღალი აქტიურობა, რომელსაც ეროვნული ბანკი იჩენს კომუნიკაციის გაძლიერების თვალსაზრისით. კომუნიკაციის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაციის თარგეთირების პირობებში, რომელსაც დღესდღეობით საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს “, - განაცხადა გვენეტაძემ.