გაზსაცავს, როგორც ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, არაერთი ქვეყანა აშენებს.
ამჟამად მსოფლიოში 700-მდე გაზსაცავია, აქედან ორი - აზერბაიჯანში, ხოლო ერთი - სომხეთში. საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე მეოცე საუკუნის 80-90-იანი წლებიდან მსჯელობენ, მაგრამ ეს იდეა მხოლოდ 21-ე საუკუნეში გახდა რეალური, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნით ქვეყანას სტრატეგიული მარაგები უნდა ჰქონდეს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება და 4 წელიწადში დასრულდება. მიწისქვეშა საცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ია. კორპორაციაში აცხადებენ, რომ გაზის მიწისქვეშა საცავის არსებობით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთი-ორად ამაღლდება. ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავის აშენება ძალიან ძვირი დაუჯდება და ამ საქმეზე კრედიტით აღებული სოლიდური თანხის დახარჯვა არ ღირს. მათი აზრით, მზად უნდა ვიყოთ, რომ გაზსაცავის აშენებასთან ერთად სამომხმარებლო ტარიფიც გაძვირდება.
ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ანზორ ჭითანავას ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანას ასეთი საცავი ნამდვილად სჭირდება:
- ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიგვეღო, მაგრამ ნათქვამია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ასეთი გაზსაცავი სომხებსაც აქვთ და აზერბაიჯანელებსაც. ეს არის განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოსაყენებელი ბუნებრივი აირი. ზამთარში, რაღაც მიზეზის გამო ბუნებრივი აირის მოწოდება თუ შეწყდება, მოსახლეობა და საწარმოები სწორედ ამ გაზსაცავმა უნდა მოამარაგოს. ვერ გამოვრიცხავ, რომ ტარიფი გაიზარდოს, რადგან ტარიფების მატებას ვერავინ შეაჩერებს, ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ის არის, რომ მოსახლეობა გადახდისუნარიანი გახდეს. ყველა ქვეყანაში იზრდება ხელფასი, პენსია და ხალხი გადასახადებსაც უპრობლემოდ იხდის. კომუნალურ გადასახადებში ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობა თავისი შემოსავლის 49-50%-ს ხარჯავს, მაგრამ რაც რჩებათ, მათი ნორმალური ყოფისთვის სავსებით საკმარისია.
ანზორ ჭითანავას აზრით, ეს პროექტი სპეციალისტთა გათვლებს ექვემდებარება და არა ნაუცბათევ დასკვნებსა და ვარაუდებს: „ჩვენს მეზობელ სომხეთს ატომური სადგურიც აქვს, ჰიდროელექტროსადგურებიც და სხვა წყაროები, საიდანაც შეიძლება ენერგია მიიღოს, მაგრამ სარეზერვო სისტემა მაინც შექმნა და გაზსაცავი ააშენა. ასეთივე აწყობილი სისტემა გვჭირდება ჩვენც, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში სხვების იმედზე არ დავრჩეთ“ - აღნიშნავს ის.
ამ მოსაზრებას ენერგეტიკის და ენერგოინჟინერიის დოქტორი, მირონ ფირცხელანიც ეთანხმება:
მირონ ფირცხელანი: „დავუშვათ, ნორმალური არსებობისთვის ყოველთვიურად გჭირდებათ 300 დოლარი, მაგრამ ამ თანხასთან ერთად 3 ათასი დოლარი თუ გექნებათ ოჯახში, ან კომერციულ ბანკში, ხომ უფრო დაცულად იგრძნობთ თავს? - სწორედ ამ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელსაც გაზსაცავი აქვს. წესითა და რიგით, ეს გაზსაცავი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს: ჯერ კიდევ შევარდნაძის და სააკაშვილის პერიოდში ამ დარგის სპეციალისტებმა არაერთხელ დავსვით საკითხი, რომ მთლიანად აზერბაიჯანზე, რუსეთზე, ან ევროკავშირზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ნებისმიერი ქვეყანა ქმნის თავის რეზერვებს და ჩვენც უნდა შევქმნათ. მთავარია, გაზსაცავი სწორად აშენდეს და კლანური სისტემის დაქვემდებარებაში არ მოექცეს. გაზსაცავი ეკონომიის საშუალებასაც იძლევა: ბუნებრივ აირს მაშინ შევისყიდით სხვადასხვა ბაზრებზე, როცა ის იაფი იქნება და ექსტრემალურ შემთხვევაში გამოვიყენებთ. ყველა ნორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყანას აქვს გაზსაცავი, რომელსაც გაჭირვების ჟამს იყენებს.
მირონ ფირცხელანის თქმით, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რომ გაზსაცავის აშენების შემდეგ ტარიფი აუცილებლად გაიზრდება:
- გაზსაცავის არსებობამ შეიძლება ტარიფის გაზრდა კი არა, შემცირებაც კი გამოიწვიოს, ოღონდ, თუ ეს პროექტი სწორად იქნება დაგეგმილი და მოსახლეობის სასიკეთოდ იმუშავებს. როდესაც მარაგი გაქვს, მთლიანად აღარ ხარ დამოკიდებული იმ ქვეყანაზე, რომელიც ბუნებრივ აირს გაწვდის. გაზსაცავის არსებობაში დადებითი ეფექტი უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი, სწორედ ამიტომ მიდიან რისკზე სახელმწიფოები და რეზერვს იმარაგებენ.
„აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლევან ფავლენიშვილი კი მიიჩნევს, რომ გაზსაცავის არსებობა ბაზარზე კონკურენციას გაზრდის:
ლევან ფავლენიშვილი - პირველ რიგში გაზსაცავი ამ ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან ბაზარზე დამატებითი მოთამაშე გაჩნდება - ეს იქნება საცავი, რომელიც შეძლებს ზაფხულში უფრო იაფად შეისყიდოს ბუნებრივი აირი და ზამთარში გაყიდოს. რაც შეეხება ტარიფს, მის გაზრდაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მე არსად მინახავს კვლევა, რომელშიც ეს იქნება დასაბუთებული. ამ გაზსაცავის მარაგი დაახლოებით 2,5-3 თვის საჭიროებაზეა გათვლილი ანუ ის არ არის გათვალისწინებული მოკლევადიან შოკზე, რაც ასევე მისაღებია. მიწისქვეშა საცავის კიდევ ერთი დადებითი შედეგი ის იქნება, რომ გაზის ოპერატორებს გაუჩნდებათ არჩევანი: ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან შეისყიდონ, თუ ჩვენი გაზსაცავიდან. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაზსაცავი უნდა აშენდეს - ალტერნატიული აზრი, რომელიც ამას უარყოფს, უსაფუძვლოდ მიმაჩნია“- აცხადებს „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი.
ხათუნა ჩიგოგიძე