გიორგი ჯაოშვილი - “იმედი” ნოტარიუსთან 420 000 ლარად დამათმობინეს, მაშინ, როდესაც ტელევიზიის ღირებულება აუდიტის შეფასებით, 45 მილიონ დოლარამდე იყო

ტელეკომპანია “იმედი” ნოტარიუსთან 420 000 ლარად დამათმობინეს, მაშინ, როდესაც ტელევიზიის ღირებულება აუდიტის შეფასებით, დაახლოებით 45 მილიონი დოლარი იყო , - ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა მეწილემ გიორგი ჯაოშვილმა ტელეკომპანია “იმედის”, 7 ნოემბრისა და რიყის პარკის საკითხზე სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ბრალდებულები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან.

გიორგი ჯაოშვილმა სასამართლო დარბაზში ის მოვლენები გაიხსენა, თუ როგორ დაათმობინეს თავდაპირველად წილები, ხოლო მოგვიანებით აიძულეს, რომ სამეთვალყურეო საბჭოდანაც წასულიყო. კერძოდ, გიორგი ჯაოშვილმა გაიხსენა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში თუ როგორ შეეხმიანა მას პატარკაციშვილის ნათესავი ჯოზეფ ქეი, როგორ წავიდნენ ისინი სანოტარო ბიუროში და როგორ მოხდა იძულების წესით ქონების დათმობა ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ. სანაცვლოდ გიორგი ჯაოშვილის მტკიცებით, მას შესთავაზეს თანხა 420 ათასი ლარის ოდენობით.

ჯაოშვილის თქმით, მას ნოტარიუსთან მისცეს საბუთი, სადაც ეწერა, რომ ის ჯოზეფ ქეის უთმობდა წილს.

“მე ავუხსენი მათ, რომ ამის უფლება არ მქონდა, რადგან ქონება დაყადაღებული იყო. თუმცა რამდენიმე საათში მოიტანეს დოკუმენტი, სადაც ყადაღის მოხსნის თაობაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ ისინი ფსიქოლოგიურად ახდენდნენ ზემოქმედებას, რათა ხელი მომეწერა. მე გადავწყვიტე, მოვაწერდი ხელს, ხოლო შემდეგ შევხვდებოდი საბჭოს, რომელიც გააკეთებდა ხელმოწერის ანულირებას, რადგანაც მათ გარეშე მე არ მქონდა უფლება კომპანიის დათმობის. თუმცა ცოტა ხანში მათ დამიბარეს პროკურატურაში, სადაც ამიხსნეს და მითხრეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უნდა გადავმდგარიყავი. ახსენეს ჩემი შვილის საკითხიც, რის შემდეგაც საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მომეწერა განცხადებაზე ხელი”, - განაცხადა გიორგი ჯაოშვილმა.

ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთმა მეწილემ, მთაწმინდის პარკის საკითხზეც ისაუბრა. გიორგი ჯაოშვილის თქმით, ის პარკის დირექტორი იყო. ჯაოშვილის თქმით, თბილისის მერიამ თავდაპირველად საიჯარო გადასახადი გაუზარდა პარკს, რაც დაუსაბუთებლად მოხდა, ასევე უსამართლოდ 7 ნოემბერს პარკის ტერიტორიაზე შევიდა სპეცრაზმი.

აღნიშნულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და დავით კეზერაშვილი.