ოპეკ-ის განცხადების ფონზე, რომ გლობალური ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების რეალური ნიშნები გამოიკვეთა, ნავთობის ფასი გაიზარდა.
დილის სავაჭრო სესიაზე, აშშ-ის ნედლი ნავთობის (WTI) ფასი 19 ცენტით (0.38 პროცენტით) გაიზარდა და ბარელზე 49.77 დოლარს მიაღწია. იმავდროულად, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 26 ცენტით (0.47 პროცენტით) მოიმატა და 56.05 დოლარი გახდა.
წლების განმავლობაში, ნავთობის ბაზრის მთავარი პრობლემა ჭარბი მოპოვება და ბაზარზე ჭარბი მიწოდება იყო. OPEC-ი და მისი არაწევრი მომპოვებელი ქვეყნები, ამ დისბალანსს მიწოდების შეზღუდვით ებრძვიან, რაც გლობალური მარაგების შემცირებას და შესაბამისად, ნავთობზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს.
სანამ OPEC-ის გენერალური მდივანი მოჰამედ ბარკინდო, ბაზრის დაბალანსებასთან დაკავშირებით განაცხადებდა, პარასკევს ფასი 2 პროცენტით დაეცა, რაც ძირითადად ქარიშხალ ნეიტს უკავშირდება, რომლის გამოც, გადამამუშავებელი წარმოება და შესაბამისად, ნედლ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა.
ამჟამად ნავთობის საერთაშორისო ბაზარი, გლობალური და ამერიკული მარაგების სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების მოლოდინშია. გარდა ამისა, ბაზარი ელის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელთა მტკიცებით, ბირთვულ შეთანხმებას არ ასრულებს.