რუსეთის ცენტრალური ბანკი კრიპტო ვალუტების ვებგვერდებს კრძალავს

რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი შვეცოვი აცხადებს, რომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით დაბლოკავს ციფრული ვალუტებით, მათ შორის ბიტკოინით მოვაჭრე ვებგვერდებს, რომლებსაც საეჭვოდ მოიხსენებს.

რუსეთის სახელმწიფო საფინანსო ხელისუფლები დიდი ხანია იმუქრებიან, რომ აკრძალავენ ყველა სახის ვალუტას და მათი მონაწილეობით ოპერაციებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ არის ნებადართული. მათი მტკიცებით, ასეთი ფულადი სახსრები ფულის გათეთრების მიზნით გამოიყენება.

„ჩვენ შემუშავებული გვაქვს საიტების გათიშვის პროცედურა და მის მიხედვით ვიმოქმედებთ. ასეთი საიტი ბევრია. ყველა მათგანისადმი ინდვიდუალური მიდგომა გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის მოქალაქეები არ ჩაითრიონ სხვადასხვა სახის ფინანსურ პირამიდებში“, - ამბობს შვეცოვი.

ის განმარტავს, რომ არ აპირებს ბირჟებზე წვდომის შეზღუდვას, თუმცა ამ ბირჟების საიტები, რომლებიც მათ შორის ბიტკოინებითაც ვაჭრობს, შეიზღუდება. შეზღუდვები არ იგეგმება იმ სავაჭრო პლატფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ციფრული ვალუტებით ვაჭრობენ. შვეცოვი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკის მიზანს, ფინანსურ ოპერაციებზე არაკვალიფიცირებული მოვაჭრეების წვდომის შეზღუდვა წარმოადგენს.

მან ასევე განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების მთავარი დანიშნულება, მათი მეშვეობით სავაჭრო ოპერაციების შესრულებაა, მაგრამ ამ ეტაპზე, ინვესტორები მათ ძირითადად მაღალი მოგების მომტან აქტივებად განიხილავენ. ბიტკოინი ბაზარზე 2010 წელს გამოვიდა და თუ მისი საწყისი ფასი 1 დოლარზე ნაკლები იყო, ახლა 4 800 დოლარის ფარგლებში ღირს.