დედაქალაქის მერობის კანდიდატების ქონებაზე, ბიზნესსა და მათი პარტიების მიერ 2017 წელს მიღებულ შემოწირულობებზე ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (ifact.ge) ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ფლობს 12 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობის უძრავ ქონებას. მასვე ეკუთვნის შპს kala capital limited-ისა და შპს „კოლხეთის“ 100%-100%-იანი წილები, შპს „ნესტ გრუპის“ 50%-ი და 33%-იანი წილი „იუკაში“. ამასთან, „ქართული ოცნების“ შემოწირულობებმა მიმდინარე წელს 11,267.008 ლარი შეადგინა.
ზაალ უდუმაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია, 740 კვ. მეტრ ფართობზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს. მანვე 2012 წელს დააფუძნა ააიპ „ფარვანა“, რაც შეეხება შემოწირულობებს, 2017 წელს პარტიამ, რომელსაც ის წარმოადგენს 65,619.72 ლარი მიიღო.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ფლობს 69.93 კვ. მეტრი ფართობის უძრავ ქონებას; მანვე 2017 წელს შემოწირულობების სახით 24,915 ლარი მიიღო. ამასთან, ელისაშვილის მიერ დაფუძნებულია ააიპ-ები: „ეფ ემ სტუდია“, „თბილისის უახლესი ისტორიის კვლევის ცენტრი“, „ტფილისის ჰამქარი“ და „ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის“.
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 6,681 კვ. მეტრი ფართობის უძრავ ქონებას ფლობს. მისი მეუღლე კომპანია „m2 უძრავი ქონების“ დეველოპმენტის დირექტორია. თავად ხოშტარია კი სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა. რაც შეეხება შემოწირულობებს, მიმდინარე წელს „ევროპულმა საქართველომ“ შემოწირულობის სახით 790,818 ლარი მიიღო.
მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ირმა ინაშვილია, რომელიც 2,681 კვ. მეტრი ფართობის უძრავ ქონებას ფლობს, მანვე გასულ წელს დედისგან საჩუქრად 7 ათას დოლარიანი ბეჭედი მიიღო. ინაშვილი ფლობს ასევე 50%-იან წილს შპს „ეკონომ X-ში“. მიმდინარე წელს კი „პატრიოტთა ალიანსმა“ შემოწირულობების სახით 29,972 ლარი მიიღო.
„ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა ფლობს 90 კვ. მეტრი ფართობის უძრავ ქონებას, მანვე 2016 წელს საკუთარ პარტიას 30,900 ლარი შესწირა. 2017 წელს კი „ლეიბორისტული პარტიის“ შემოწირულობებმა 2,081 ლარი შეადგინა.
„ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე 136 კვადრატული მეტრი ფართობის უძრავ ქონებას ფლობს. მის მიერ არის დაფუძნებული ააიპ „სტუ კურსდამთავრებულთა კურსი“ და „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“. „ახალმა საქართველომ“ შემოწირულობების სახით მიმდინარე წელს 29,300 ლარი მიიღო.
დედაქალაქის მერობის კანდიდატი „თავისუფალი საქართველოს“ რიგებიდან კახა კუკავაა. ifact-ის ცნობით, კუკავა უძრავ ქონებას არ ფლობს. ის არის შპს „ნიკოლაძე და კუკავაში“ და შპს „ნიაური და კომპანიაში“ 50%-50%-იანი წილების მფლობელი. ამასთან, 2016 წელს კუკავამ საკუთარ პარტიას 2,834 ლარი შესწირა; ხოლო მიმდინარე წელს პარტიას შემოწირულობა არ მიუღია.
„შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თემურ შერგელაშვილი კი ფლობს 1,130 კვ. მეტრი ფართობის უძრავ ქონებას, მის მიერ არის დაფუძნებული ააიპ „საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი“. რაც შეეხება „შენების მოძრაობის“ შემოწირულობებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
წყარო: ifact.ge