სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიეიმ საქართველოსა და ირანის რესპუბლიკას შორის სასოფლო-სამეურნეო კუთხით თანამშრომლობა და ინვესტიციების განხორციელება განიხილეს.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შედგა.
„საუბარი ასევე შეეხო, სამეცნიერო, ფიტოსანიტარიის, მექანიზაციის და მეაბრეშუმეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული განათლების ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მრავალი მიმართულების განვითარება შეიძლება. მან კოოპერაციული მეურნეობების და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ალი რაბიეიმ განაცხადა, საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, შესაბამისად, ქვეყანასთან თანამშრომლობა ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.