ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ერთი ეტაპი - იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და უკვე დეკემბრის ბოლოს მშენებლობაზე გადავდივართ , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ალავიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მას ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს.
„ამ პორტის აშენება ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოვიყენოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. პორტის გარეშე ჩვენ ალბათ, 80%-ს ვერ ავითვისებთ იმის, რაც ქვეყანას გააჩნია. დასრულდა ერთი ეტაპი. ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი და კარგად იმუშავა. მივედით იქამდე, რომ უკვე დეკემბრის ბოლოს მშენებლობა იწყება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტი. ერთი ეტაპი - იურიდიული ნაწილი დავასრულეთ და გადავდივართ მშენებლობაზე. აქედან გამომდინარე, ეკონომიკიდან რეგიონული განვითარების სამინისტროს გადმოეცა ეს პროექტი. ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს მშენებლობის ფაზაზე. პროექტი მიმდინარეობს წარმატებით. კონსორციუმი საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა ალავიძემ.