momxmarebeli.ge-„საქართველოს საბაჟო სუნელების ტყვიის შემცველობაზე შემოწმებას იწყებს“

საქართველოს საბაჟოზე სუნელების ტყვიის შემცველობაზე შემოწმება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს იმის გასარკვევად დაიწყო თუ არა საბაჟო დეპარტამენტმა იმპორტირებული სუნელების ტყვიის შემცველობაზე შემოწმება.

„როგორც დეპარტამენტიდან მიღებული პასუხით ირკვევა ლაბორატორიებთან გაფორმდა ხელშეკრულებები სუნელების შესამოწმებლად, განისაზღვრა იმ პროდუქტების კატეგორიები, რომლებიც დაბინძურების შედარებით დიდი რისკის შემცველია და ასეთი სუნელების იმპორტირებისას მათი ლაბორატორიული შემოწმება მოხდება. მისასალმებელია, რომ საზოგადოების აქტიურობის შედეგად, სახელმწიფო უწყებები ტყვიის შემცველობაზე სურსათის კონტროლს ამკაცრებენ,“-ნათვამია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.

რაც შეეხება საბაჟო დეპარამენტიდან მიღებულ წერილს, მასში აღნიშნულია, რომ:

„იმპორტირებული სუნელ-სანელებლების კონტროლის გაძლიერების მიზნით, მცენარეულ სურსათში ტყვიის შემცველობის განსაზღვრისთვის ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ლაბორატორიებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები. შექმნილია რისკის პროფილები, რომლის საშუალებითაც რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან სუნელ-სანელებლების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას საქონელი ნიმუშების აღებას დაექვემდებარება და შეჩერდება ლაბორატორიული კვლევის პასუხის მიღებამდე“.

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ საქართველოში დამზადებულ ზოგიერთ სანელებელს აქვს ტყვიის მაღალი შემცველობა. მიმდინარე წლის ზაფხულში ტყვიის შემცველობაზე სუნელ-სანელებლების კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აქედან დარღვევა ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა.