“თუ სსფ დადებითად აფასებს ჩვენს პროგრამებს და რეფორმებს, რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება ჩვენს იმიჯზე“

ქვეყნის იმიჯისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების შეფასება, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკია. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი პაპავამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი პარტნიორები და დონორები ეცნობიან ამ განცხადებებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადებები იყოს დადებითი.

„თუმცა, ისიც გვესმის, რომ სწორედ მათთან შეთანხმებით ხდება გარკვეული ღონისძიების გატარება და თუ ეს შეთანხმება მიღწეულია, მერე ლოგიკურად დადებით შეფასებას ვიღებთ. ცხადია, თვითმიზანი არ უნდა იყოს სსფ-ით კმაყოფილება, მაგრამ თუ ფონდი დადებითად აფასებს ჩვენს პროგრამებს და რეფორმებს, რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება ჩვენს იმიჯზე“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ეკონომიკის ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას, რომ წლის ეკონომიკური მაჩვენებლები უკეთესი იყო, ვიდრე ამის პროგნოზი შეიძლებოდა გაკეთებულიყო.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3,5%-დან 4,5%-მდე ზრდას, ეს არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ავშენდით და დიდი წინსვლა გვექნება“, - ამბობს გიორგი პაპავა.

ეკონომიკის ექსპერტის თქმით, კიდევ ერთი დადებითი სიგნალი იყო სსფ-ის მისიის მხრიდან წლევანდელი ბიუჯეტის დადებითად შეფასება.

„აღნიშნულია, რომ შემოსავლების უფრო მეტი მობილიზება მოხდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხოლო ხარჯები მისდევს დაგეგმილს, რაც ნამდვილად დადებითია“, - ამბობს გიორგი პაპავა.

მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, სსფ-ის მისია და საქართველოს მთავრობა შეჯერდნენ 2018 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე.

„მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო თანხები/კაპიტალური ხარჯები. ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტი იქნება 2018 წელს, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.