ამერიკული გამოცემა Huffingtonpost მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გავლენიანი ონლაინგაზეთის ჟურნალისტმა სტეფან რაბიმოვმა საქართველოს შესახებ სტატია დაწერა.
”ხანდახან ფიქრობ, რომ ყველა ადგილი გამოკვლეულია და ახალი სამოგზაურო მიმართულება აღარ არსებობს. თითქმის ყველა ევროპულ დედაქალაქში ერთიდაიგივეს ვუყურებთ. რატომ უნდა წახვიდე იტალიაში, როდესაც იტალიურ კერძებს სახლშიც დააგემოვნებ? თუმცა არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ჩურჩხელა და ხაჭაპური, თუ თქვენ ეს სიტყვები პირველად გესმით მაშინ არაფერი იცით საქართველოს შესახებ. არა, ეს ატმების შტატი ჯორჯია არ გეგონოთ, ეს კავკასიის სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ ქვეყანაში უგემრიელესი კერძები მზადდება. ხაჭაპური ქართული პიცაა, ჩურჩხელაზე კი მთელი ქვეყანა გიჟდება. ასეულობით ვაზის ადგილობრივი ჯიშისგან საქართველოში უგემრიელესი ღვინო მზადდება, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებში მიირთმევენ. საქართველოს რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ესაზღვრება. მდებარეობიდან გამომდინარე ეს ქვეყანა მულტიკულტურულ ცენტრად იქცა, რაც სამზარეულოზე, არქიტექტურასა და ხელოვნებაზეც აისახა”, - წერს რაბიმოვი.
სტეფან რაბიმოვი განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინოს უთმობს: ”მისტიკის და მიმზიდველობის უკან 8 ათასწლოვანი ტრადიციული ღვინის წარმოება დგას. ფერმენტაცია თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ღვინის დამზადების ამ უძველესი მეთოდით ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა”.
სტატიის ავტორი სხვადასხვა მარნების და ღვინის ბიზნესში დასაქმებულების შესახებ საუბრობს. კულინარიისა და ღვინის შემდეგ სტეფან რაბიმოვი საქართველოს ბუნებას აღწერს.
”მკაცრი მთები, მდინარეები, ხეობები და მდელოები იდეალური ადგილია მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის. საქართველო მრავალფეროვანი ბუნებით ამაყობს. ამ ქვეყნის ქალაქები ძველი და თანამდროვე ლამაზი შენობებით გამოირჩევა. კულტურული მემკვიდრეობის მქონე სახლების გვერდით თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდებით, როგორიც არის მეტალით და მინით მოწყობილი შენობები. საქართველოს დედაქალაქი ქვებით მოკირწყლული, ლამაზი, ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა, რომელიც მთებს მიუყვება. თბილისში საერთაშორისო არქიტექტორების დიზაინით აშენებული თანამედროვე სახლებია. თბილისის არქიტექტურა სპარსული და რუსული არქიტექტურის გავლენას განიცდის. ყველაზე მეტად შესამჩნევია დიდი, მოჩუქურთმებული ხის აივნები, ასევე გოგირდის აბანოები, რომელსაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. სტატიის ბოლოს სტეფან რაბიმოვი საქართველოს დედაქალაქის თანამედროვე ცხოვრებას, თბილისის მოდის კვირეულს და კლუბურ გართობას აღწერს. თუ გსურს მომავალში თავი დააღწიო გადაჭედილ ქუჩებს დაივიწყე რუკა, აიღე მენიუ ან ბოთლი, ამის შემდეგ თუ ვერ წარმოთქვამ ვერაფერს ეს ნიშნავს, რომ შენ სამოგზაურო მარგალიტი აღმოაჩინე და ძლიერი ჭაჭის ჭიქით კი ადღეგრძელე სიცოცხლე, გაუმარჯოს!“- წერს Huffingtonpost-ის ჟურნალისტი.