საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი და მასთან თანდართული დოკუმენტები განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკური ზრდის და მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი და შემოსულობების და ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებლები გააცნო.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ იმ სამინისტროების შესახებაც ისაუბრა, რომელთა დაფინანსების გაზრდაც იგეგმება. კერძოდ, საუბარია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების, შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების და შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროებზე.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ახალი კანონპროექტის - „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ ბიუჯეტის პროექტთან თანხვედრის საკითხით და სახელფასო ანაზღაურების საბაზისო სარგოს განსაზღვრის წესით დაინტერესდა. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, როგორც კი პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, მასში მოცემული სახელფასო ანაზღაურების საკითხი შესაბამისად აისახება ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში. კომიტეტის თავმჯდომარემ საბიუჯეტო კანონპროექტთან დაკავშირებით რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებიც წარმოადგინა, რომლებიც წერილობითი ფორმით ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონპროექტს. კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარედგინება.