ის, რომ პროცესები კონცეპტუალურად სწორად არის დაგეგმილი და სწორად მიმდინარეობს, ეს ფაქტია და ამას სავალუტო ფონდის მისიის ბოლო შეფასებაც მოწმობს , - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ექსპერტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისიის ბოლო შეფასება საკმაოდ ადეკვატური იყო იმ შეფასების მსგავსად, რომელიც აქამდე კეთდებოდა.
„ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა - ერთი საბიუჯეტო პროცესი და მეორე ლარის კურსთან დაკავშირებული თემები. ორივე პოზიტიურად იქნა შეფასებული. ანუ ცალსახად გაცხადდა, რომ სწორი პოზიცია შემუშავდა მცურავ კურსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს რესურსი გარკვეული ხელოვნური ჩარევები განახორციელოს კურსთან მიმართებაში, ამას არ აკეთებს. ანუ სსფ-თვის ისევე, როგორც ჩვენი მთავრობისთვის, ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად მოქნილი და ელასტიური იყოს იმ გამოწვევების, რა გამოწვევებიც არსებობს გარეშოკების სახით“, - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მის მიერ საქართველოში ჩადებული ფულის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმატებული.
„აქედან გამომდინარე ამ ურთიერთობას ორმხრივი სარგებელი აქვს - ჩვენთვის ეს არის ფინანსური მდგრადობა და განვითარება, ფონდისთვის სწორად განხორციელებული ინვესტიციები“, - ამბობს ლევან კალანდაძე.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, სსფ-ის მისიის შეფასება ასევე პოზიტიური იყო ვალისა და ბიუჯეტის საკითხთან მიმართებაში. მისი თქმით, ის, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ფინანსური ვალდებულებების ზრდა არის გათვალისწინებული, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმიდან გამომდინარეობს და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით გამოაცხადა.
„ასე რომ, სესხი და ვალი არ არის საშიში, თუ ის კონკრეტულ ეკონომიკურ მიზანს ემსახურება. ჩვენს მიერ 2018 და შემდგომ წლებში გაწერილი ვალდებულებების ზრდა უკავშირდება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეგახსენებთ, პრემიერის მიერ გაცხადებულ ე.წ. სივრცითი განვითარების მოდელს, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მოგვარებას ითვალისწინებს. თბილისიდან სარფამდე ყველა მაგისტრალი, თავისი ალტერნატიული მაგისტრალებით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ამას სჭირდება ფინანსური რესურსი. საქართველოს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს ინვესტორების მოძიება და დამატებითი რესურსების მოზიდვა. მხოლოდ რიკოთის მაგისტრალის პროექტი, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს, 500 მილიონზე მეტს საჭიროებს. სახელმწიფო ამ ფულს სახარჯოდ და სოციალური ვალდებულებების გასტუმრებისთვის არ იღებს. ეს ფული იდება ეკონომიკაში, საქმდება უამრავი ადამიანი, კომპანიები, რომლებიც ამ პროექტებს ახორციელებენ, იხდიან გადასახადებს და ბიუჯეტში შეაქვთ ფული. ჩვენ თუ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა უახლოესი წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად ადეკვატური იყოს იმ გამოწვევების, რაც გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, ასეთი პროექტები უნდა განვახორციელოთ. თუ ეს არ გვინდა, გვაქვს სხვა ალტერნატივა - არ ავიღოთ სესხი, არ განვავითაროთ ეკონომიკა და დავტოვოთ იმ დონეზე, რა დონეზეც გვაქვს და არ შევქმნათ განვითარების პერსპექტივა. ეს არის ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკა. მე მესმის, რომ ზოგადად სესხის აღება არ არის სასიამოვნო, მაგრამ ეს არის სესხი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანის სტაბილურ და მდგრადი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას. მდგრადობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.