პენსიებს რომ არ ზრდით და ინფრასტრუქტურის დაფინანსება იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? - ასე მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს ფრაქციის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
"2 წელია, ბიუჯეტში ვერ გამოინახა კაპიკი პენსიების ზრდისთვის. რომ გვაკრიტიკებდით, ასფალტი ვჭამოთო, ახლა პენსიები რომ არ იზრდება და ინფრასტრუქტურა იზრდება, ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა? მოვისმინეთ ტყუილები, თითქოს პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში იმიტომ, რომ დაგროვებით პენსიაზე გადავდივართო. სინამდვილეში დაგროვებითი პენსია გულისხმობს, რომ მოხდება თანხების დაგროვება მთავრობის მიერ მონიშნულ ფონდებში, რომლებიც ამ თანხების გაცემას დაიწყებენ 20-30 წლის შემდეგ",- განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის მაკროეკონომიკურად საშიში დოკუმენტი და "ნაციონალური მოძრაობა" მას მხარს არ დაუჭერს.