გიორგი კვირიკაშვილმა "საქართველოს ინოვაციების კვირეული" გახსნა

ქვეყანაში დიდი პოტენციალია კრეატიული ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც "საქართველოს ინოვაციების კვირეული"გახსნა.

მისივე განმარტებით, ინოვაციების განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა შესაბამის სტრატეგიაზეც მუშაობს.

"საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური პოტენციალი, ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, მეცნიერთა და გამომგონებელთა მნიშვნელოვანი ბაზა. ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალია კრეატიული ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით. ინოვაციების კვირეული იმის ერთ-ერთი დასტურია, თუ რამდენად საინტერესო საკითხებზე ხდება საქართველოში მუშაობა, რა პერსპექტივები აქვს ქვეყანას ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრა და ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის წარმომადგენლებმა გაცვალონ ცოდნა, გამოცდილება, გაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები. საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან ერთად აგრძელებს მუშაობას სტრატეგიაზე "ინოვაციური საქართველო 2020". აღნიშნული სტრატეგია იქნება ის საკვანძო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს 2020 წლამდე კონკურენტული უპირატესობების მოპოვებაში დაეხმარება. ინოვაციების და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად აქცევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება სტრატეგიის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული დარგის წარმომადგენელთა მოსაზრებები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, სწორედ ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბების, ცოდნის და ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობის, ასევე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარების მიზნით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

"სააგენტოს კოორდინირების და მედიატორის მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანა, კერძოდ, ხელი შეუწყოს ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლებას, ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. სააგენტო უზრუნველყოფს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული ყველა სახელმწიფო ინიციატივის და ძალისხმევის კონცენტრაციას ერთი მიმართულებით - ცოდნასა და ინოვაციებზე დამყარებული ინდუსტრიების ჩამოყალიბებისთვის. ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის, უნივერსიტეტების და მეცნიერების ურთიერთთანამშრომლობას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

"საქართველოს ინოვაციების კვირეული" ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით 24-26 აპრილს გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება აღნიშნული სააგენტოს მიზნების, ამოცანების და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან ბიზნესპორტალი bpn.ge და რადიო "პალიტრა".