კომერციული ბანკები თამამად აცხადებენ, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა მკვეთრად შეუმცირდათ.
ამ დროს ფიზიკური პირები და მეწარმეთა დიდი ნაწილი გადახდისუუნარობის გამო უძრავ ქონებას, რომლითაც საბანკო სესხი აქვთ უზრუნველყოფილი, სწრაფი ტემპით კარგავენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საბანკო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია ლარის გაუფასურებასთან ერთად გაიზარდა და თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდა, ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას არ უნდა ველოდოთ.
კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 2014 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული მილიონი ლარით გაიზარდა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 163.0 მლნ ლარი იყო, 2015 წელს - 142.2 მლნ ლარი, 2016 წეს – 159.1 ლარი. ვითარება თითქმის არ შეცვლილა 2017 წლის პირველ კვარტალში. (163 მლნ ლარი), მაგრამ მეორე კვარტალში დასაკუთრებული ქონების მაჩვენებელმა ერთბაშად გაზრდა დაიწყო და 193 მლნ ლარს მიაღწია.
კომერციული ბანკების მიერ უძრავი ქონების დასაკუთრების მზარდი ტენდენცია ეკონომიკურმა მდგომარეობამ გაამძაფრა. საბანკო სფეროს სპეციალისტ ირაკლი ბერძენაძის თქმით, ლარის კურსის გაუფსურებამ მეწარმეები და ფიზიკური პირები გადახდისუუნარონი გახადა. ამ ფონზე კი რადიკალურად განსხვავებულია ბანკების განცხადება, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ ვადაგადაცილებულ სესხებზე, რაც რეალობას მოკლებულია.
"ვალში გაყიდული ქონების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პროპორციულია. ეკონომიკურმა წნეხმა როგორც მცირე და საშუალო ბიზნესზე, ასევე ფიზიკურ პირებზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა. ეს ზრდა არ არის წარმოუდგენელი, პირიქით, რეალურად მიმაჩნია, რადგან მოსახლეობა ყოველწლიურად ღარიბდება. ამას ემატება სავალუტო კურსის ცვლილება. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სესხების გაძვირებისა და უძრავი ქონების დაკარგვისა. როდესაც მსესხებელი კოტრდება, მას უკვე არანაირი რესურსი არ აქვს, შეინარჩუნოს ქონება. ისინი შემოსავალს კარგავენ, რომელიც ინფლაციამ და სავალუტო კურსის ცვალებადობამ "შეუჭამა".
როდესაც ასეთი გრანდიოზული ზრდაა, კომერციული ბანკები რატომ ამბობენ, რომ ვადაგადაცილებული სესხების დაბალი მაჩვენებელი აქვთ? სტატისტიკურ მონაცემს თუ შევხედავთ, მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, თუმცა რეალური შედეგი ქონების გაყიდვისა არის საკმაოდ მაღალი. საქართველო ბიზნესის კეთებისთვის პატარა ქვეყანაა და აქ საქმიანობაც საკმაოდ რისკიანია.
მეწარმეები ბიზნესსესხის სანაცვლოდ დებენ მთელ რიგ უძრავ ქონებას. ეს უკვე არა ბიზნესსესხი, არამედ ქონებით უზრუნველყოფილი სესხია. ბანკების ასეთმა პოლიტიკამ წარმოშვა ის შედეგი, რომ მეწარმეებს დაუგროვდათ უამრავი უძრავი ქონება, რომლის რეალიზება დღეს თვით ბანკებსაც უჭირთ", - განუცხადა "რეზონანსს" ბერძენაძემ.
მსესხებლის გადახდისუუნარობასა და უძრავი ქონების დაკარგვას ლარის გაუფასურებას უკავშირებს საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზაშვილი. დევალვაციის პერიოდში სესხის დაფარვა გაცილებით რთული გახდა, ვიდრე ვალუტის სტაბილურობის დროს იქნებოდა.
"2017 წლის შედეგი არის წინა წლების გაგრძელება. ტენდენცია ლარის გაუფსურებით დაიწყო. ამის შემდეგ დოლარში ფიქსირებული აქტივების თვითღირებულება გაიზარდა. დღეს ეს პროცესი გრძელდება და ნებისმიერი კრედიტი, რომელიც კომერციული ბანკიდან გააქვს მსესხებელს, უზრუნველყოფილია უძრავი ქონებითა და სხვა აქტივებით, მისი დაბრუნება გაცილებით რთული გახდა, ვიდრე იქნებოდა ლარის სტაბილურობის პერიოდში. ამ გარემოებამ თავისი გავლენა და ეფექტი მოახდინა. დროთა განმავლობაში თუკი ლარი დასტაბილურდა, რა თქმა უნდა, ეს პროცესიც შესაბამისობაში მოვა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თოქმაზიშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"