მონაცემთა გაცვლის სააგენტო ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტს ახორციელებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ერთიანი სავაჭრო ქსელის პროექტს ახორციელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ერთიანი სავაჭრო ქსელი არის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს შორის ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად გაცვლის სისტემა, რომელიც ამცირებს ხარჯებს და დროს, რაც ვაჭრობისა და გადაზიდვისათვის სავალდებულო დოკუმენტაციის მოსამზადებლადაა საჭირო. შესაბამისად, მცირდება პროცედურების რაოდენობა და ჩქარდება ლოგისტიკისა და ტვირთის განბაჟების პროცესი.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს პროცესში ჩართულ მხარეებს შორის საზღვაო გადაზიდვების საშუალებით კონტეინერების იმპორტ/ექსპორტის პროცესების თანმდევი ინფორმაციის ავტომატურად მიმოცვლას.

მათივე ინფორმაციით, ერთიანი სავაჭრო ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს. ვაჭრობისა და ლოგისტიკის სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის კი მოსალოდნელი წლიური დანაზოგი 4.5 მილიონი იქნება.

"ერთიანი სავაჭრო ქსელი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითს", - აცხადებენ სამინისტროში. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, პროექტის "ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა", ფარგლებში ხორციელდება.